„მსოფლიო პოლიციის და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე“ ქართველმა პოლიციელმა მოკრივემ, ედუარდ იმერლიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. იგი ფინალურ შეხვედრაში, გასული წლის მსოფლიო ჩემპიონს, ფრანგ სპორტსმენს შეხვდა. დაძაბული ორთაბრძოლა ქართველმა მოკრივემ გამარჯვებით დაასრულა და ოქროს მედალიც დაისაკუთრა. ამის გარდა, ქართველმა მკლავჭიდელებმა 6 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.102 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თენგიზ ედილაშვილი მარჯვენა და მარცხენა ხელით გამართულ შეჯიბრში გამოვიდა და 2 ოქროს მედალი დაისაკუთრა; ვლადიმერ კობახიძემ 80 კგ წონით კატეგორიაში ასევე ორივე ხელით იასპარეზა და 2 ოქროს მედალი მოიპოვა; მძიმე წონით კატეგორიაში ლევან საგინაშვილმაც ორი ხელით იბრძოლა და 2 ოქროს მედალი აიღო; 100 კგ წონით კატეგორიაში კი გელა გელაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ირლანდიაში, ქალაქ ბელფასტში გამართულ „მსოფლიო პოლიციის და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე“ შსს- ნაკრებმა წელს, პირველად მიიღო მონაწილეობა. დღეისათვის შშს-ს ნაკრებს სპორტის 7 სახეობაში 12 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. ოლიმპიადა 12 აგვისტოს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები