საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობა დატოვა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.
საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ცესკო დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც კვალიფიციური კადრებით არის დაკომპლექტებული და მისი ხელმძღვანელის ცვლილება საარჩევნო პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს, ასევე ცნობილია, რომ ცესკოს ყველა თანამშრომელი, მუშაობას აგრძელებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა საარჩევნო პროცედურა გამჭვირვალედ, სამართლიანად და კანონის შესაბამისად ჩატარდება.
„ჩვენთვის დასანანია ბატონი ზურაბის გადაწყვეტილება, თუმცა მასთან ერთად განხორციელებულმა გარდაქმნებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადმინისტრაციის მართვის სისტემა და შესაბამისად, ამ მიმართულებით სირთულეები მოსალოდნელი არ არის." - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები