მოქმედი მოსამართელეების უვადოდ გადანიშვნა არ მოხდება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კონსტიტუციაში წერია, რომ ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ ვინც გახდება მოსამართლე, მას უვადოდ დანიშვნა შეეხება. მინისტრის განმარტებით, ეს არ ეხებათ მოქმედ მოსამართლეებს, იქიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუციაში მსგავსი რამ არ წერია.
ამასთან, თეა წულუკიანის განცხადებით, ახალად დანიშნულ მოსამართლეებს კონსტიტუციის მიხედვით შეიძლება დაუწესდეთ გამოსაცდელი ვადა. "ჩვენი ინიციატივით, მათ შეიძლება დაუწესდეთ სამწლიანი გამოსაცდელი ვადა, რათა აჩვენონ მოსახლეობას, რომ არიან პირუთვნელები და მოსამართლის მანტიის ღირსნი. არსებობს მოსაზრება, რომ გამოსაცდელი ვადის პერიოდში, ახლად დანიშნულმა მოსამართლეებმა შესაძლოა თავი მოაწონონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რასაც აქვს გონივრული საფუძველი, თუმცა მეორე მხარეს რაც დევს, ის უფრო წონადია ჩვენი გადმოსახედიდან. თუკი მოსამართლე, რომელიც ახლად დანიშნული იქნება, თავს იგრძნობს, რომ იგი უვადოდ არის დანიშნული, შესაძლოა ასეთ შემთხვევაში კონკრეტული მოსამართლეების დანიშვნა ვინანოთ, აქედან გამომდინარე, გამოსაცდელი ვადის მიცემა უმჯობესია", - აღნიშნა წულუკიანმა.
რაც შეეხება მოქმედ მოსამართლეებს, მისი განმარტებით, მათ შეუძლიათ ვადის ამოწურვის შემდეგ მიიღონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წესებით განსაზღვრულ კონკურსში მონაწილეობა და კონკურსის შედეგად მოხდეს მათი შერჩევა.
მასალის გამოყენების პირობები