"ახალი მემარჯვენეები" აცხადებენ, რომ დასავლეთ საქართველოში მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ სატელევიზიო პიარი კი არა, რადიკალური ზომების მიღებაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარეული საფარი ნადგურდება და მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩება .
გაზაფხულის დადგომიდან "ახალი მემარჯვენეები" დასავლეთ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემაზე - მცენარეების მავნებლების წინააღმდეგ რადიკალური ზომების მიღების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ. ამერიკულმა "თეთრმა პეპელამ", "ოქროკუდამ" გასულ წლებში მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა, ამიტომ ჩვენ ვითხოვდით ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს წელს მაინც დროულად და ეფექტურად ეზრუნა, რომ ამ მავნებლებს ზიანი არ მიეყენებინათ მოსახლეობისთვის.
ხელისუფლებამ ამას თითქოს ძალების მობილიზებით უპასუხა, თითქოს ფოთში საგანგებო შტაბიც შექმნა, მაგრამ რეალურად სახეზე გვაქვს კვლავ მხოლოდ სატელევიზიო პიარი, ვირტუალურად არსებული შტაბი და შესაბამისი ორგანოების არაეფექტური საქმიანობა იმ მართლაც მასშტაბური უბედურების წინააღმდეგ, რაც ამ მავნებლებს მოაქვს მოსახლეობისთვის. ამ დროისთვის ვითარება ასეთია: მავნებლები მოდებული არიან მცენარეებს სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში, აჭარაში და მასობრივად ანადგურებენ მათ, მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა კი რამდენიმე რაიონში ლოკალური შეწამვლით და მოსახლეობისთვის შხამ-ქიმიკატის დარიგებით ამოიწურება. თავად სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია კი მის მიერ ზარ–ზეიმით გახსნილი შტაბის საქმიანობით არც დაინტერესებულა და არც ადგილებზე რეალურ ვითარებას გასცნობია. "ახალი მემარჯვენეები" მოვუწოდებთ სოფლის მეურნეობის მინისტრს ზაზა გოროზიას იმოქმედოს და შეასრულოს თავის სამსახურებრივი მოვალეობა. დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას შველა უნდა და არა სატელევიზიო პიარი.
მასალის გამოყენების პირობები