დოკუმენტი ცხინვალსა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა და მას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც საგარეო უწყებამ რუსეთსა და ცხინვალს შორის ე.წ სახელმწიფო საზღვრის შესახებ დოკუმენტის გაფორმებაზე შეიტყო, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.
"ეს არის საერთაშორისო ნორმების დარღვევა. შესაბამისად, ამ დოკუმენტს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად ბათილად იქნება ცნობილი",- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, მომზადდეს ოფიციალური ხელშეკრულება "სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის შესახებ".
მასალის გამოყენების პირობები