თომას ჰამარბერგი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კვირის ბოლოს ანგარიშს გამოაქვეყნებს. "ანგარიშში საუბარია ძირითად პრობლემებზე, რომელიც არსებობს ქვეყანაში. გაიგებთ ჩემს მოსაზრებას იმაზე, თუ როგორ ხორციელდება კანონის აღსრულება, რა ვითარებაა ციხეებში, როგორ მიმდინარეობს ცალკეული ინსტიტუტების მშენებლობა, რა პირობები აქვთ ადამიანებს საკუთარი აზრის გამოსახატად, რა ვითარებაა სოციალურ სფეროში", - განაცხადა თომას ჰამარბერგმა.
მისივე შეფასებით, ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება.
"მემკვიდრეობა, რაც საქართველოს არსებულმა ხელისუფლებამ წინა მთავრობისგან მიიღო, სხვადასხვაგვარად შეიძლება შეფასდეს, თუმცა არსებობს სერიოზული რეკომენდაციები ამ კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მზადდება ჩემი ანგარიში. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება ქვეყანაში. როცა საქმე ეხება ადამიანის უფლებებს და ამ მიმართულებით კანონის აღსრულებას, ეს შეიძლება გარკვეული სირთულესთან იყოს დაკავშირებული, თუმცა ინერგება ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გარკვეული სტანდარტი. ეს პროცესი არის რთული, თუმცა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აუცილებელი", - აღნიშნა ჰამარბერგმა.
მისივე განმარტებით, საქართველოში დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, 77 ათასი ბავშვი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, განათლების სტანდარტი არ არის კარგი, რის გამოც მისი რეკომენდაციაა, რომ სოციალური თემები მთავრობისთვის პრიორიტეტული გახდეს.
"ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა იქნას ასახული ეროვნულ გეგმაში", - დასძინა ჰამარბერგმა.
მასალის გამოყენების პირობები