აშშ–ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა დღეს უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას დვანში მავთულხლართების გავლების შესახებ.
"გავიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი. ეს ტრაგედია და აბსურდია. ვითარება არ უნდა გადაიზარდოს კრიზისში. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ჩართულია ჟენევის მოლაპარაკებებში, რომელიც პერიოდულად იმართება. მალე მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი შედგება. ვფიქრობ ყველა ეძებს არსებული ვითარებიდან გონივრულ გამოსავალს", – განაცხადა ნორლანდმა.
შეკითხვაზე, იმ სპეკულაციების შესახებ, რომ მავთულხლართების გავლების შედეგად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ნაწილი შესაძლოა ახლადაღმართული საზღვრის მეორე მხარეს აღმოჩნდეს, ელჩმა ნორლანდმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "ჩემთვის უცნობია იმ პრობლემების შესახებ, რომელიც შესაძლოა ნავთობსადენს უკავშირდებოდეს".
ელჩმა ასევე ისაუბრა ყოფილ პრემიერმინისტრ მერაბიშვილის ადვოკატების მიერ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნის შესახებაც.
"როგორც არაერთხელ გვითქვამს, აუცილებელია სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დაცვა და ის რომ ეს კონკრეტული საქმე კანონის უზენაესობის შესაბამისად იქნას განხილული", – აღნიშნა ელჩმა.
მასალის გამოყენების პირობები