„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას ეხმიანება და ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს:
„მინდა გამოვეხმაურო 25 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ ორ განცხადებას:
1. საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით უფრო ღარიბია, ვიდრე სომხეთი;
2. საქართველო ზრდის ტემპით უკანასკნელ ადგილზეა რეგიონში.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ აშკარად მოძველებული მონაცემებით სარგებლობთ, ვინაიდან როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ასევე მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო უკანასკნელი წლების განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით უსწრებს, სომხეთის რესპუბლიკას (იხილეთ აღნიშნული მონაცემები საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის - ვებ-გვერდებზე).
რაც შეეხება მეორე მოსაზრებას, ამის გადამოწმებაც ძალიან ადვილია. იმავე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების საიტებზე შეგიძლიათ იხილოთ და შეადაროთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მონაცემები რუსეთის, უკრაინის ან თურქეთის მონაცემებს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2004-2012 წლებში რუსეთის ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდა იყო 4,43%, უკრაინის 3,01%, ხოლო თურქეთის 5,05%, მაშინ როდესაც საქართველოში ანალოგიური მაჩვენებელი, 2008 წლის ომის შედეგების მიუხედავად, 6,1%-ს შეადგენდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით ეს მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება - რუსეთი 4,43%, უკრაინა 3,07%, თურქეთი 5,05%, ხოლო საქართველო 6,18%.
აქვე გეტყვით, რომ რეგიონში ერთადერთი ქვეყანა რომელიც სხვებთან შედარებით გაცილებით სწრაფად იზრდებოდა, იყო აზერბაიჯანი, რაც ძირითადად განაპირობა ამ ქვეყანაში ნავთობისა და გაზის ახალი საბადოების ამოქმედებამ და ენერგო რესურსებზე ფასების ზრდამ.
აქვე დაგეთანხმებით, რომ ეკონომიკური მდგომარეობის მთავარი მაჩვენებელი არის ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტი და ამ მაჩვენებლით საქართველო მკვეთრად ჩამორჩება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობასაც კი. მაგრამ უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში საქართველომ აჩვენა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი - ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტი $900-დან $3500-მდე გაიზარდა - და თუ ეს ზრდა შენარჩუნდა, ჩვენს ქვეყანას მართლაც ექნება შანსი გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, - წერს მერაბიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები