პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ პოლიტიკიდან წასვლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს ვეღარ მოასწრებს.
როგორც პრემიერმა ურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, ბოლო გადაწყვეტილებით, ვიზიტი ნოემბრისთვის იყო შეთანხმებული, თუმცა "ალბათ ის ვერ მოხერხდება".
"მე არ ვთვლი, რომ ეს არის ტრაგედია და იგივე ვუპასუხე რიჩარდს ბოლო შეხვედრაზე - რაც აუცილებელი იყო ჩვენს ყველაზე დიდ სტრატეგიულ პარტნიორთან, ყველაფერი გავაკეთეთ. მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ და შევეცადოთ, რომ ამერიკის ინტერესები საქართველოში არ შესუსტდეს. მგონია, რომ ამ მხრივ კარგი ნაბიჯები გადავდით. ჩვენ გავაღრმავეთ ადმინისტრაციასთან ჩვენი ურთიერთობები. ვაშინგტონში არ წავსულვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო მეტი გაკეთდა და უფრო კარგად გადალაგდა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
"დაპატიჟება მე მივიღე – პირველი დაპატიჟება მქონდა სწორედ აშშ-ში, თუმცა მაშინ ჩავთვალე, რომ არ იყო საუკეთესო დრო. ბოლოს უკვე რიჩარდმა მითხრა, ვიზიტი ნოემბერში დავგეგმოთო. მაშინ არ ვიცოდი მოვლენები როგორ განვითარდებოდა, ახლა ვფიქრობ, ალბათ ვერ მოხერხდება. რიჩარდსაც ვუთხარი, რომ ეს არ არის ძირითადი საკითხი. ეს არაფერს აფუჭებს. არაპოლიტიკოსი შეიძლება ჩავიდე, თუ ამის საჭიროება იქნება", - აღნიშნა პრემიერმა.
გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა უშუალოდ რიჩარდ ნორლანდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ძალიან ეფექტური, პროფესიონალი და პატიოსანი დიპლომატია.
მასალის გამოყენების პირობები