"ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის ფონზე სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს ოლიმპიური გუნდის მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება, უკიდურესად რთული მისაღები იყო. მიუხედავად ამისა, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გამოხატა კეთილი ნება და საქართველო-რუსეთის ურთიერთობის თანამიმდევრული მოწესრიგების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება მონაწილეობა მიიღოს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე.
ვთვლიდით და ახლაც ვთვლით, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის მოწესრიგება ორივე ქვეყნის მოქალაქეებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ რთულ გზაზე კი, აუცილებელია ურთიერთობის ისეთი სფეროების გამოკვეთა, რომლებიც ნაკლებად წინააღმდეგობრივია და ასევე ნაკლებად უკავშირდება საქართველო-რუსეთის ძირითად პრობლემებს. ასეთებად ჩვენ მივიჩნიეთ კულტურას, ვაჭრობას, სატრანსპორტო კავშირებს, ტურიზმსა და სპორტს.
სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან საქართველოს კეთილი ნება ჯერ კიდევ ვერ ან არ არის სათანადოდ შეფასებული და შეიმჩნევა საპირისპირო ტენდენციები. მაშინ, როდესაც ჩვენი სურვილია ოლიმპიური თამაშების დეპოლიტიზაცია და მონაწილეობის მიღება ჯანსაღ სპორტულ შეჯიბრებაში, რადგან ოლიმპიური იდეა სწორედ მშვიდობასა და თანამშრომლობას ემსახურება, მეორე მხარე სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობს მის გამოყენებას.
სხვა ვერაფრით აიხსნება, მაგალითად ის, რომ ოლიმპიადის ერთ-ერთ მეჩირაღდნედ რუსეთმა შეარჩია "2008 წლის აგვისტოს ომის გმირი მფრინავი". ცხადია, ყველა სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა, თავად აირჩიოს გმირები, მაგრამ ასევე ცხადია, რომ მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობის მოწესრიგების მსურველი ქვეყანა ასე გამომწვევად არ მოიქცევა.
საქართველოს მთავრობის ყურადღების მიღმა არც ის რჩება, რომ სოჭის ოლიმპიადასა და საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით მწვავდება საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად.
საქართველოს მთავრობა ამ კუთხით ინტენსიურად მუშაობს საერთაშორისო საზოგადოებასთან - პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ამავე დროს საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ერთგულია რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების არჩეული - თანამიმდევრული კურსის.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩვენ დღეიდან განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო ღონისძიებებს. თუ საქართველო საბოლოოდ დარწმუნდება, რომ ხდება სპორტული თამაშების ზედმეტი პოლიტიზაცია და მისი მიზანმიმართული გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ღირსებისა და ინტერესების დასაცავად შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები და ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების მთავრობები სათანადო ყურადღებას დაუთმობენ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები