"მსურს, გამოვეხმაურო მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის თანახმადაც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობის შესახებ თანხმობა "მქონია" გაცხადებული.
სტატიაში აღინიშნა, თითქოს, მეგის ქარდავამ მოახდინა ჩემი გადაბირება, რის შესახებაც ოპერატიული ტექნიკის გამოყენებით არსებობს ვიდეოფიქსაცია.
ეს კონკრეტული მედიასაშუალება ნამდვილად არ იმსახურებს ჩემგან და მითუმეტეს, საზოგადოებისგან ყურადღების მიპყრობას, მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და მითუმეტეს, საქართველოს პარლამენტის წევრს, არ მაქვს უფლება თუნდაც ერთ ამომრჩეველს დავუტოვო ამ მასალის რეალობის ეჭვი და მეორეს მხრივ, თაღლითურ ჯგუფს დავუტოვო შანსი, ქვეყანაში გააგრძელონ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია.
ვაცხადებ, რომ მსგავსი შეხვედრა არ შემდგარა, აღნიშნული ფაქტი არის მოგონილი, გამოქვეყნებული მასალა არის თავიდან ბოლომდე შეთითხნილი და შესაბამისად, არარსებულ შეხვედრაზე ვიდეოფიქსაციაც ვერ მოხდებოდა.
ზემოაღნიშნული სხვა არაფერია, თუ არა დაინტერესებული, თაღლითური ჯგუფის მიერ ფალსიფიცირებული დოკუმენტის შექმნა და გაზეთის ე.წ. ჟურნალისტის მიერ საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანა (ვთვლი, რომ მისი ჟურნალისტად მოხსენიება, ჟურნალისტთა კორპუსის შეურაცხყოფაა).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრით მივმართავ მთავარ პროკურატურას, რათა დეტალურად იქნას გამოძიებული, თუ ვის მიერ და რა მიზნით არის შექმნილი ეს ყალბი დოკუმენტი.
ვაცხადებ მზადყოფნას, ხელი შევუწყო გამოძიებას და მიუხედავად იმისა, რომ როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, ვსარგებლობ იმუნიტეტით, მონაწილეობა მივიღო ნებისმიერ საგამოძიებო მოქმედებებში.
ასევე, მოვითხოვ აღნიშნული გამოძიების პროცესის გასაჯაროებას და შესაბამისი უწყების მხრიდან დამნაშავეთა გამოვლენას და მათი კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას.
ასევე, ცრუ მასალის გამოქვეყნების გამო, გაზეთის წინააღმდეგ, სამოქალაქო სარჩელით მივმართავ სასამართლოს, რომლითაც გაზეთის რედაქციისაგან მოვითხოვ ცილისწამების აღიარებას საინფორმაციო საშუალებებით, საჯაროდ ბოდიშის მოხდას და ვინაიდან არ არსებობს თანხა, რომლითაც შემიძლია, შევაფასო ჩემი ღირსებისა და პატივის შელახვის მცდელობა, მორალური ზიანის სიმბოლურ თანხობრივ ანაზღაურებას - გაზეთის ტირაჟის გაასმაგებული ოდენობით", - აღნიშნულია საგანელიძის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები