სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ქუთაისის #2-ე დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის, გოგა ძველაიას ოჯახის წევრებს ჰპირდება, რომ მათ ვიდეოჩანაწერის ნახვის საშუალება ექნებათ.
როგორც "რუსთავი 2"-ის ეთერში მინისტრმა განაცხადა, ვიდეოჩანაწერები ამოღებულია და ამ წუთებში გამოძიებას აქვს. სუბარის თქმით, ჩანაწერების ერთდროულად ნახვა შეუძლებელია, რადგან ეს არის 24-საათიანი ჩანაწერი და მის ნახვას 24 საათი სჭირდება, ანუ შეყვანის წამიდან ბოლომდე, სანამ ეს ტრაგედია დატრიალდებოდა.
"რაც ოჯახის ინტერესის საგანი იქნება, მათ ექნებათ საშუალება, ნახონ. მაქსიმალურად მინდა, კანონის ფარგლებში ყველამ ყველაფერი ნახოს, რადგან რაიმე ეჭვი არ დარჩეს. როცა ამას ვამბობ, არ ვგულისხმობ იმას, რომ დანაშაული არ არის მომხდარი. პირიქით, თუ დანაშაულია მომხდარი, გამოძიებული უნდა იყოს და დამნაშავე დაისაჯოს, მაგრამ თუ დანაშაულის ნიშნები არ არის, ამაშიც მაქსიმალურად უნდა დარწმუნდეს საზოგადოება", - აღნიშნა მინისტრმა.
თავად გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი ციხეში ექსპერტის შეშვებასა და იმ ადგილის შესწავლასა და დათვალიერებას ითხოვენ, სადაც პატიმარი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, გოგა ძველაიას ოჯახი ფირების ნახვას და იმის გარკვევას ითხოვს, არის თუ არა ფირი ნამდვილი და ხომ არ არის რაიმე კადრი ამოჭრილი.
16 წლის სენაკელი გოგა ძველაია გირაოთი უნდა გაეთავისუფლებინათ. ოჯახი პატიმრის გარდაცვალებას აღნიშნული დაწესებულების ე.წ. მაყურებლებთან დაპირისპირებას უკავშირებს. ძველაია მეორედ იყო დაკავებული. იგი მარიამობას პრეზიდენტმა შეიწყალა და ახლა ქურდობისთვის დააპატიმრეს. ამ ეტაპზე გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობის ვერსია განიხილება.
მასალის გამოყენების პირობები