კოალიცია "ქართული ოცნება" მომავალი პრემიერის კანდიდატურაზე კონსულტაციების გამართვას არჩევნების შემდეგ გეგმავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
"როცა ისმის ბრალდება, რომ პრემიერი ივანიშვილი ერთპიროვნულად ღებულობს გადაწყვეტილებას, ვამბობ, რომ ეს ასე არ არის. ბიძინა ივანიშვილს დღემდე არც ერთი გადაწყვეტილება არ მიუღია ერთპიროვნულად და ამ შემთხვევაშიც, მომავალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე დაგეგმილი გვაქვს კოსულტაციები, ოღონდ, არჩევნების დღის შემდეგ. ცხადია, ეს კონსულტაციები ნიშნავს იმას, რომ ბატონი ბიძინა თავის მოსაზრებას შემოგვთავაზებს და ჩვენსას მოისმენს, როგორც ეს იყო საპრეზიდენტო კანიდიდატის შერჩევის დროს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე განმარტებით, კონსტიტუციით პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უმრავლესობამ უნდა წამოაყენოს და ეს პროცესი დაცული იქნება.
"გამოვრიცხავ იმის შესაძლებლობას და ვარიანტს, რომ ჩვენ საერთო აზრამდე ვერ მივიდეთ ან არ მივიდეთ. საქართველოს კონსტიტუცია ითხოვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ წამოაყენოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, წარუდგინოს ის პრეზიდენტს და პრეზიდენტმა მოითხოვოს მთავრობის ფორმირებაც. ცხადია, ეს პროცესი იქნება დაცული, მაგრამ ამ ფორმალურ სივრცეში გადასვლამდე იქნება პოლიტიკური კონსულტაციები და ჩვენ შეთანხმებული კანდიდატით გამოვალთ საზოგადოების წინაშე"- დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მასალის გამოყენების პირობები