ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამა შიმშილობის დაწყებას გეგმავს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პროკურატურა დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად გოგა ძველაიას ოჯახს საკანში გადაღებულ ვიდეოფირს არ გადასცემს.
ძველაიები უწყებას ამ მოთხოვნით დღეს კიდევ ერთხელ მიმართავენ. თავად გარდაცვლილი მსჯავრდებულის მამა საკანში დამონტაჟებული ვიდეოკამერის მიერ გადაღებული კადრების ნახვას არ აპირებს და სახალხო დამცველსა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მოუწოდებს, გამოყონ სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენებას არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჟურნალისტებთან და გარდაცვლილის სულიერ მამასთან ერთად დაესწრებიან.
ომბუდსმენის განცხადებით, რა ფორმით და ვისთვის მოხდება ვიდეოფირის ჩვენება, ეს პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს. უჩა ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი თანამშრომლობისთვის მზად არის.
მასალის გამოყენების პირობები