რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში ინტერნაციონალური ურთიერთობების საბჭოს წევრებს შეხვდა.
შეხვედრას ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტიაც ესწრებოდა, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღების გამო მადლობა გადაუხადა.
"ჩვენ რომ მაშინ არ შემოგვეღო სავიზო რეჟიმი საქართველოსთან, ალბათ იქ დარჩებოდა 500 ათასი ადამიანი. დანარჩენი კი რუსეთში გადმოსახლდებოდა. ისინი ამის გამო მადლობელი უნდა იყვნენ, თუმცა ეს კარგად არ ესმით. ქართულმა ეკლესიამ, რომელიც აქ ფუნქციონირებს, ეკლესიაში ჩამოკიდა მიხეილ სააკაშვილის პორტრეტი. ავრცელებდნენ რუსეთის და რუსი ხალხის საწინააღმდეგო პროკლამაციებს. ვინც ამას ეწინააღმდეგებოდა, მათ ეკლესიაში არ უშვებდნენ. მეც კი გამომაგდეს. მაგრამ მრავალრიცხოვანი წერილების, ჩვენი პატრიარქისა და სამართალდამცველი ორგანოების დახმარებით ჩვენ ეს საკითხი მოვაგვარეთ. ამჟამად ამ ეკლესიაში არა მხოლოდ ქართველები, არამედ აფხაზები, ოსები და რუსებიც დადიან. ბატონი შევჩენკოს დახმარებით, ფილმი "იკონა", რომელიც "პირველი არხით" მთელმა რუსეთმა ნახა და რუსეთ-საქართველოს მეგობრობას ეძღვნებოდა, ვაჩვენეთ საქართველოშიც. პრემიერას 500 ადამიანი ესწრებოდა. თქვენ ერთხელ თქვით, რომ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვიყავითო. როცა განვაცხადე, რომ ეს თქვენი სიტყვები იყო, 500 ადამიანი ტაშს ფეხზე მდგომი უკრავდა", - მიმართა ხუბუტიამ პუტინს.
ხუბუტიას გამოსვლის ჩანაწერი "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები