"რესპუბლიკური პარტია" საქართველოში ყველაზე თანმიმდევრული, სტაბილური და ბრძენი პარტიაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "რესპუბლიკური პარტიის" რიგით მეთხუთმეტე ყრილობაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემთხვევითი არ იყო, როცა პოლიტიკაში მოსვლისას პირველი "რესპუბლიკელები" შეარჩია. ივანიშვილის შეფასებით, "რესპუბლიკური პარტია" მისთვის საქართველოში სამაგალითო პარტიაა. მისივე თქმით, 35 წელი, რაც "რესპუბლიკელები" საქართველოში არსებობენ, ზოგადად ისტორიისათვის დიდი დრო არ არის, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ძალიან დიდი დროა.
ივანიშვილის განცხადებით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ "რესპუბლიკური პარტიის" ყველა თავმჯდომარე პარტიაში დღემდე რჩება და ესეც სამაგალითოა ამ თვალსაზრისით. "თქვენ შეიტანეთ ძალიან დიდი წვლილი ბოლო დროის გარდაქმნებსა და მიღწევებში, რაც ჩვენ ერთად შევძელით. არ არსებობს თქვენზე უფრო თანმიმდევრული პარტია საქართველოში და ეს ჩემთვის სამაგალითოა", - მიმართა "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებს ბიძინა ივანიშვილმა. აქვე მან იმედი გამოთქვა, რომ "რესპუბლიკური პარტია" სამომავლოდაც ბევრ პოლიტიკურ ვარსკვლავს აღუზრდის ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს.
ყრილობა "ექსპოჯორჯიაში" მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 2000-მდე დელეგატი ფარული კენჭისყრით აირჩევს ეროვნული კომიტეტის 35 წევრს და შემდეგ უკვე ეროვნული კომიტეტი აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს, რომელიც ამ თანამდებობაზე დავით უსუფაშვილს შეცვლის. ყრილობის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა თემატური დისკუსიები და საერთაშორისო სემინარი.
მასალის გამოყენების პირობები