ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2013 წელს 3-დან 2%-მდე შეამცირა. როგორც ევრობანკის მიერ გავრცელებულ "რეგიონის ეკონომიკურ პერსპექტივებშია" აღნიშნული, 5%-დან 4%-მდე შემცირდება მომავალი წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაც. ინფლაციის დონე კი 0%-ით განისაზღვრა.
ევრობანკის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა კერძო და სახელმწიფო ინვესტიციების შემცირებამ, აგრეთვე პოლიტიკურმა არასტაბილურობამ შეაფერხა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პოლიტიკურ ტრანსფორმაციასა და საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.
"მთავრობის მიერ ხარჯების შემცირებამ და კერძო ინვესტორების თავშეკავებულმა მოქმედებებმა სამშენებლო და სამრეწველო სექტორებში რეცესიას ხელი შეუწყო. სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა კი წახალისდა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა საკუთარ ბაზარზე ქართული პროდუქცია დაუშვა. ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, 2014 წელს დაჩქარდება იმ პირობების გათვალისწინებით, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური გაურკვევლობა აღარ იქნება და რუსეთის სავაჭრო ურთიერთობებიც გაუმჯობესდება", - აღნიშნულია ევრობანკის კვლევაში.
საერთაშორისო ექსპერტების პესიმისტური შეფასება მთლიანად აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონმა დაიმსახურა. ევრობანკის გათვლებით, რეგიონის ეკონომიკა, საშუალოდ, 3%-ის ნაცვლად 1 %-ით გაიზრდება. შესაბამისად, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს უკრაინას (-0,5%), ბელორუსს (0,5%), მათ მოსდევს საქართველო (2%), სომხეთი (2,5%), მოლდოვა (3,5%), აზერბაიჯანი (4,5%). რუსეთის ეკონომიკა 2013 წელს 1,3%-ით, ხოლო თურქეთის - 3,7%-ით გაიზრდება.
ევრობანკის "რეგიონის ეკონომიკური პერსპექტივები" ბპნ.გე-მ გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები