NDI-ის კვლევის ფარგლებში, კითხვაზე - "ხვალ რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას" - გამოკითხულთა 75 პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა.
ამ საკითხთან დაკავშირებით NDI-ის მიერ თებერვალში ჩატარებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას რესპონდენტთა მხოლოდ 64% მიიჩნევდა პოზიტიურად, სექტემბერში ჩატარებული კვლევის შედეგებით კი – 51%.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით მოსახლეობის განწყობას, 42% მიიჩნევს, რომ ის "მეტნაკლებად კარგად ჩატარდება", 13% ფიქრობს, რომ "კარგად ჩატარდება", 17%-ის აზრით, "ნაწილობრივ გაყალბდება", 4% კი მიიჩნევს, რომ "სრულად გაყალბდება". გამოკითხულთა 23%-მა განაცხადა, რომ პასუხი არ იცის.
NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას გამოკითხულთა 33% მხარს უჭერს.
კითხვაზე: "მხარს უჭერთ თუ არა სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას?" - დადებითი პასუხი - 33%-მა გასცა, სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მხარს არ უჭერს - 36%, არ იცის - 27%-მა, ხოლო პასუხზე უარი განაცხადა - 3%-მა.
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", მედიას უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გააცნო. კვლევის თემაა - "საზოგადოების განწყობა საქართველოში".
NDI-ს კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 43% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის.
კითხვაზე - "საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია"? – რესპოდენტთა 43%-მა უარყოფითი პასუხი გასცა. 38%-ის აზრით, საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა, 18%-მა კი განაცხადა, რომ არ იცის.
როგორც სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ კვლევის პრეზენტაციაზე საქართველოში NDI-ს ოფისის ხელმღვანელმა ლუის ნავარომ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მონაცემები ორგანიზაციის მიერ თებერვალში ჩატარებული კვლევის მონაცემებთან შედარებით შეცვლილია.
"2012 წლის თებერვალში ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 49%-მა დადებითი პასუხი გასცა. მაშინ მხოლოდ 34%-მა განაცხადა, რომ დემოკრატია არ არის. თებერვლის შემდეგ ამ საკითხზე დადებითად განწყობილი რესპონდენტების რაოდენობა თითქმის 10%-ითაა შემცირებული", - აღნიშნა ლუის ნავარომ.
ასევე, გამოკითხვის მიხედვით, რესპოდენტთა 59% აზრით, დემოკრატია არის სიტყვის, მედიის თავისუფლება და განსხვავებული აზრის მოსმენა, 38% კი ფიქრობს, რომ ესაა თანასწორობა კანონის წინაშე და სამართლიანობის დაცვა. 30%-ის აზრით, ქვეყანა დემოკრატიულია მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვა ხდება, 18% მიიჩნევს, რომ ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა, 16% აზრით კი - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში.
NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს მოწოდებას საპროტესტო აქციებისკენ გამოკითხულთა 53% მხარს არ დაუჭერს.
კითხვაზე - "ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, მოუწოდებს ხალხს ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ, დაუჭერდით თუ არა მხარს ივანიშვილის ამგვარ მოწოდებას" – დადებითი პასუხი 27%-მა გასცა, 53%-მა უარყოფით, 19%-მა კი ჯერ არ იცის, რას იზამს მსგავს შემთხვევაში.
გაკითხულთა 71% ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს არ ეთანხმება, 8% ეთანხმება, 17%-მა კი არ იცის.
კითხვაზე - "ამართლებთ თუ არა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ამ გადაწყვეტილებას" - დადებითად მხოლოდ 7%-მა უპასუხა, უარყოფითად 63%-მა, 25%-მა კი არ იცის, უარი პასუხზე 4%-მა განაცხადა.
გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ორმაგ მოქალაქეობაზე განაცხადი უნდა შეიტანოს, 15% ასე არ მიიჩნევს, 42%-მა არ იცის, 4%-მა კითხვაზე პასუხი არ გასცა.
იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი ვერ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას, გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ გამონაკლისის სახით მაინც უნდა მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი 17%-მა პროცენტმა გასცა, ხოლო 34%-მა არ იცის.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).
მასალის გამოყენების პირობები