მიხეილ სააკაშვილი ყველა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელს მადლობას უხდის.ამის შესახებ მან facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
"ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადის ბოლო დღეს, მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ჩემი ადმინისტრაციის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და ზოგადად ყველა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლის მიმართ.
აღტაცებას ვერ ვმალავ იმ ფაქტის გამო, რომ განსაკუთრებით ბოლო კვირებში და დღეებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამრომლები გვიან ღამემდე შრომობდნენ და პირნათლად ასრულებდნენ მათ მოვალეობას. მე მინახავს თუ როგორ ჩამოშლილა ბევრი განვითარებული და მდიდარი ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპრეზიდენტო ვადის დასასრულისთვის, საქართველოში ეს არ მოხდა!
ეს ნამდვილი სასწაულია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ისტორიის უმეტესი ნაწილი არის ღალატის უსასრულო ჯაჭვი. ასეთი წარსულის ფონზე, ის რომ საქართველოში ბოლო წლებში ჩამოყალიბდა თავისი ქვეყნის, ხალხისა და მოვალეობების ერთგული სახელმწიფო სამსახურების თანამშრომელთა კლასი - ნამდვილად რევოლუციური მოვლენაა.
მინდა გითხრათ, რომ თქვენი არსებობა უკეთესი მომავლის უდიდესი იმედის მომცემია. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ წლებში თქვენთან ერთად ხალხის სამსახურში ყოფნა. მინდა გითხრათ, რომ მუდმივად ვიქნები ვალში თქვენი პროფესიონალიზმის, წესიერების და თავდადების წინაშე.
მადლიერებით და სიყვარულით!"-წერს მიხეილ სააკშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე
მასალის გამოყენების პირობები