"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის შემადგენლობის დაჩქარებული წესით დამტკიცებას წინააღმდეგ გამოდის. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან აშკარაა, რომ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილება მხოლოდ შს მინისტრს შეეხება და სხვა მხრივ, მინისტრთა კაბინეტი იგივე დარჩება.
"დღეს საღამოს დაასახელებს პრემიერობის კანდიდატი მთავრობის შემადგენლობას. "ქართული ოცნება" ლიდერების მიერ წინასწარ გაკეთებული განცხადებებიდან ცხადია, რომ მთავრობის შემადგენლობა დარჩება იგივე და შეიცვლება მხოლოდ შს მინისტრი. "ქართული ოცნება" აპირებს მთავრობის ეს შემადგენლობა ამ კვირაში დაჩქარებული წესით გაიტანოს პარლამენტში და დაამტკიცოს. 2 დღეში აპირებენ ამ მთავრობის დამტკიცებას. ჩვენ ვთვლით, რომ მთავრობის ამ შემადგენლობამ აჩვენა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქვეყნის მთავარი გამოწვევის ეკონომიკის და დასაქმების პრობლემის გადაჭრაში უუნარობა აჩვენა, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
დეპუტატის თქმით, მთავრობამ არ შეასრულა უხვი დაპირებები და ის, რომ წლევანდელი წელი კარგი უნდა ყოფილიყო და ყველა მომდევნო წელი უკეთესი - პირიქითაა.
"წლევანდელი წელი იყო ცუდი, მომავალი წელი - უარესი და ამაზე მსჯელობის საშუალებას გვაძლევს შემოტანილი ბიუჯეტი. დაფიქსირებულია ეკონომიკური ზრდის მკვეთრი ვარდნა, 7,5% -იანი ზრდიდან ჩამოვედით 1,3%-იან ზრდამდე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ევროპის დონეს ჩვენ დავეწევით დაახლოებით 2 საუკუნის შემდეგ", - განაცხადა ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები