სტრასბურგის სასამართლო საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ წამოწყებულ ორ სახელმწიფოთაშორის დავას იხილავს. როგორც იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ერთი მათგანი უკვე დასრულდა და განაჩენი 2014 წლისთვის გამოცხადდება, მეორე კი, რომელიც აგვისტოს ომს ეხება, ახლახანს დაიწყო და პროცესი სავარაუდოდ, ხანგრძლივი იქნება.
"ეს საქმე ეხება ჩვენი არაერთი თანამოქალაქის რუსეთიდან მასობრივ გამოძევებას. წინა ხელისუფლებამ ეს საქმე შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში და ჩვენ ამ დავას ვაგრძელებთ. ჩემი მოთხოვნით, სტრასბურგის სასამართლომ “მოიღო მოწყალება" და გვიპასუხა, რომ ის გადაწყვეტილებას 2014 წელს გამოცხადებს. მიზეზი იმისა, თუ რატომ გაჭიანურდა გადაწყვეტილების გამოცხადება, უცნობია, მაგრამ ეს ალბათ, იმდენად მნიშვნელოვანიც არ არის. ეს არის პირველი სახელმწიფოთაშორისი საქმე, რომელიც 2006 წელს კოლექტიურ გამოძევებას ეხება. რაც შეეხება მეორე საქმეს, ის აგვისტოს ომის პირობებში, საქართველომ 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა. სტასბურგის სასამართლომ გამოძიება დაიწყო, ჩვენ ვართ საწყის ეტაპზე, ეს ალბათ, 2 ან მეტ წელს წაიღებს, მაგრამ ჩვენ პოზიციების წარსადგენად მაქსიმალურად ვემზადებით. საერთაშორისო სასამართლოებთან ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება. ამასთან, იანვარში ჩვენ 100-მდე საჩივარი გვექნება მორიგებული პირველ რიგში, იმ პატიმრებისა, რომლებიც წლობით ატანჯებოდნენ ქართულ საპატიმროებში. მორიგებას ორი მიზანი აქვს: პირველი, ამ ადამიანებს შვება მიეცეთ და მეორე, ბიუჯეტისთვის დადგეს რაც შეიძლება, ნაკლებად საზიანო შედეგი, თუმცა ინდივიდებმა მიიღონ ის საყვედურები, რაც მათ გონივრულად ეკუთვნით. ეს პირდაპირ კავშირშია იმ ნაბიჯებთან, რაც ჩვენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადავდგით, სადაც შევარდნაძის ხელისუფლებიდან დღემდე არაერთი საქმე იყო აღუსრულებელი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები