კანონის თანახმად, საჯარო მოხელის დანიშვნა-გათავისუფლება პოლიტიკაზე დამოკიდებული აღარ იქნება. როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, მთავრობა დონორების დახმარებით "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებებს განახორციელებს, სადაც მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები ზუსტად განისაზღვრება.
"შეიქმნება საჯარო სამსახურის ისეთი მოდელი, სადაც საჯარო მოხელის დანიშვნა-გათავისუფლება პოლიტიკაზე დამოკიდებული აღარ იქნება. ხელისუფლების შეცვლა საჯარო სამსახურიდან კადრების დათხოვნას აღარ გამოიწვევს. კანონით ზუსტად განისაზღვრება მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები. დონორთა დახმარებით უკვე მუშავდება საჯარო სამსახურის კონცეფცია, რომელიც საფუძვლად დაედება ახალ კანონს "საჯარო სამსახურის შესახებ". მთავრობის პრიორიტეტი ადამიანის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა უმცირესობის დაცვის კუთხით მთავრობა დაამტკიცებს ადამიანის უფლებათა სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას.
"გაგრძელდება ეროვნული უმცირესობების აქტიური ჩართვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ხელი შეეწყობა სახელმწიფო ენის შესწავლის პროცესს, ყველა მსურველს მიეცემა სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობა. ხელი შეეწყობა ასევე ეროვნული უმცირესობების ენის, კულტურის, ღირებულებების დაცვას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები