რუსეთი ყირიმის ანექსიაზე არ შეჩერდება და ყირიმის კონფლიქტი სიგნალი უნდა გახდეს ევროპული სახელმწიფოებისთვის, რომ მათ გაზარდონ ხარჯები თავდაცვაზე. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ვაშინგტონში, ბრუკინგის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ყირიმი ერთი მაგალითია. მაგრამ ყირიმი რუსეთის, თუნდაც პუტინის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია. ახლა ყველაზე მეტად ის გვაღელვებს, გასცდება თუ არა პუტინი ყირიმს, შეიჭრება თუ არა რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილებში", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ცდილობს არასტაბილური ვითარება შეინარჩუნოს რეგიონში, რათა აღკვეთოს რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ცივი ომის დასრულების შემდეგ.
"ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენ ევროპაში სხვა კრიზისებიც ვიხილეთ – 90-იან წლებში დასავლეთ ბალკანეთში, 2008 წელს საქართველოში. მაგრამ ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს ყველაზე დიდი საფრთხეა ევროპის უსაფრთოებისა და სტაბილურობისთვის", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და დასძინა, რომ ყირიმში შექმნილი კრიზისი მხოლოდ უკრაინის კრიზისი არ არის.
ამასთან, ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ გმობს უკრაინაში რუსეთის აგრესიას და ამ ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევას. მისივე თქმით, ყირიმის ანექსიის გამართლების ნებისმიერი მცდელობა ე.წ. რეფერენდუმი უკანონო და არალეგიტიმურია და თუ მოსკოვი განაგრძობს ამჟამინდელ კურსს, მაშინ ის საერთაშორისო იზოლაციას აირჩევს.
"რუსეთთან პარტნიორობაზე უარის თქმა არავის სურს. მაგრამ ვერავინ მოახდენს იმის იგნორირებას, რომ რუსეთმა დაარღვია ის პრინციპები, რომელზეც ეს თანამშრომლობა დგას", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
მასალის გამოყენების პირობები