რუსეთმა უკრაინას გაზი გაუძვირა. ამიერიდან, უკრაინისთვის ათასი კუბური მეტრი გაზი 485 დოლარი ეღირება.
"მომავალში უკრაინელ მომხმარებლებთან ურთიერთობაში უნდა იხელმძღვანელოთ საყოველთაოდ დადგენილი საბაჟო გადასახადებით გაზის გატანაზე", - განუცხადა რუსეთის პრემიერმა, დიმიტრი მედვედევმა "გაზპრომის" ხელმძღვანელ, ალექსეი მილერს.
გარდა ამისა, მილერის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ "გაზპრომს" აცნობა, რომ არ შეუძლია თებერვლის თვის დანახარჯების სრულად გადახდა. როგორც მილერმა აღნიშნა, უკრაინას რუსეთისადმი 2,2 მლრდ დოლარის დავალიანება დაუგროვდა მოხმარებული ბუნებრივი აირის გამო.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი აცხადებს, რომ რუსეთის ქმედება მიუღებელია, მას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური საფუძველი აქვს.
"მოსალოდნელია, რომ რუსეთი კიდევ უფრო შორს წავა და ზეწოლას გაზრდის უკრაინისათვის გაზის მიწოდების შეზღუდვის გზით,” - განაცხადა იაცენიუკმა.
დღემდე უკრაინისთვის რუსეთიდან გაზის ექსპორტზე ნულოვანი ბაჟი მოქმედებდა.
უკრაინამ ბუნებრივი აირის ტარიფზე შეღავათი 2013 წლის ბოლოს, რუსეთ-უკრაინის პრეზიდენტების მოლაპარაკებების შედეგად მიიღო. შესაბამისად, უკრაინისთვის საწვავზე საფასური 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე 268.5 დოლარით განისაზღვრა. შეღავათის დაწესებამდე, უკრაინა ათას კუბურ მეტრ რუსულ გაზში 400 დოლარს იხდიდა.
მასალის გამოყენების პირობები