სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. განცხადება მედიას გუშინ, საპატრიარქოში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის დეკანოზმა, ბიძინა გუნიამ გააცნო.
განცხადების თანახმად, სირიასა და ერაყში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით მასმედიაში გავრცელებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის კომენტარი შეგნებულად არის დამახინჯებული და ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
"ამჯერად კი შევნიშნავთ, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის გამოთქვამს თავის უარყოფით დამოკიდებულებას ტერორიზმის, მკვლელობების, უზნეობისა და ძალადობის წინააღმდეგ, როდესაც ეკლესიამ მუჰამედისა და საერთოდ, მუსლიმთა შეურაცხმყოფელი კარიკატურების გამო ჯერ კიდევ იმ დროს დააფიქსირა თავისი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია, როცა ძალზე ცოტა ქომაგი ჰყავდა ამ საქმეს, განა შეიძლება საქართველოს საპატრიარქოსთვის სულ ერთი იყოს ახლო აღმოსავლეთის ზემოაღნიშნულ ქვეყნებში მოქალაქეთა და მით უმეტეს, ქრისტიანთა ტანჯვისა და წამების ფაქტები?!", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
ასევე, განცხადების თანახმად, მასმედიისთვის ეს თემა საინტერესო ახლა გახდა. ამ პრობლემების შესახებ კი საქართველოს ეკლესიის მხრიდან და სხვა ეკლესიების მხრიდანაც არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო შეხვედრებზე.
"ქანდელი ასირიელი მორწმუნენი თანადგომის ნიშნად თვენახევრის წინ მიიღეს და დალოცეს სამების საკათედრო ტაძარში. ამა წლის 19 აპრილსაც, კვირაცხოვლობას, სამების საკათედრო ტაძარში და საქართველოს ყველა ეკლესიაში აღევლინება ლოცვა როგორც მართლამდიდებელ გარდაცვლილთა სულების საოხად, ისე აღნიშნულ რეგიონში მშვიდობისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქო მიმართავს ყველას თხოვნით, იყვნენ უფრო კორექტულები და წინდახედულები, როდესაც ასეთ ფაქიზ თემებს ეხებიან.
მასალის გამოყენების პირობები