მსოფლიო
ინდოეთში სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად 30-მდე ადამიანი დაიღუპა
ინდოეთის მადჰია-პრადეშის შტატში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად 30-მდე ადამიანი დაიღუპა. "ბიბისის" ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მატარებლები წყალდიდობის შედეგად დატბორილ ხიდზე გადადიოდნენ. ოფიციალური მონაცემებით, ათობით ადამიანი დაშავდა. 300 ადამიანის ევაკუაცია კი დროულად მოახერხეს. ჯერ უცნობია ზუსტად რამდენი მგზავრი გადაჰყავდა მატარებლებს. "ეს საშინელი ავარია წყალდიდობის გამო მოხდა, მატარებლები წყალში გადაადგილდებოდნენ, რასაც შეჯახება მოჰყვა", - განაცხადა ინდოეთის რკინიგზის სამინისტროს პრესსპიკერმა, ანილ საკსენამ.
ქვეყნის რკინიგზის მინისტრმა კი მომხდარის შესახებ გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა. ინდოეთში სულ 12 000 სამგზავრო მატარებელი ფუნქციონირებს, რომლითაც დღეში 23 მილიონი მგზავრი გადაჰყავთ. თუმცა, უსაფრთხოების არასაკმარისი ზომების გამო ხშირია სარკინიგზო შემთხვევები. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ უტარ-პრადეშის შტატში მომხდარ ავარიას 34 ადამიანი შეეწირა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები