მსოფლიო
"ყოველდღე მესიზმრება, რომ სახლში ვბრუნდებით" - ომს გამოქცეული უკრაინელი ბავშვების ყოველდღიურობა და ფიქრები (სპეციალური რეპორტაჟი)
უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეჭრის შედეგად 400-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა. აქტიური საომარი მოქმედებებისა და ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის დროებითი ოკუპაციის გამო მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. ამასთან, 2 მილიონზე მეტი ბავშვი ომს საზღვარგარეთ გაექცა, ხოლო 3 მილიონი იძულებით გადაადგილებულია ქვეყნის ფარგლებში.

პატარა უკრაინელები მშობლებთან ერთად აფარებენ თავს შედარებით უსაფრთხო რეგიონებს და ამ გზით ცდილობენ ომს დააღწიონ თავი. ბევრისთვის ეს შორეული მთის სოფლებია დასავლეთ უკრაინაში.

სტრილკოვსკაიას ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც ლვოვის რეგიონის შემადგენლობაშია, 21 სოფელს მოიცავს. აქ 14 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ომის დაწყებიდან თემმა 2.5 ათასი ლტოლვილი შეიფარა მთელი უკრაინიდან. ახლა მათგან ადგილზე 400 დარჩა. ბევრი დაბრუნდა საკუთარ სახლში, ნაწილმა გამოზამთრება გადაწყვიტა, ზოგმაც სამუდამოდ დარჩენა.

"არავის ეგონა, რომ ომი რეალობად იქცეოდა"

შემოდგომა კარპატებში ჩვეულებრივ წვიმიანია, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ადგილობრივებს აიღონ მოსავალი მინდვრებში, იარონ ტყეში სოკოს საკრეფად ან გაუშვან პირუტყვი საძოვარზე. სექტემბრის ერთ ასეთ დღეს, როცა თერმომეტრი 6 გრადუსს გვიჩვენებდა, სოფელ სტრილკიში შევხვდით პროექტების მენეჯერს და ადგილობრივი სასულიერო პირის მეუღლეს, ნატალია გრომს.

ის საკუთარ სახლში გვეპატიჟება - მეზობელ სოფელ მშანეცში. ჩვენ მის ელექტრო მანქანაში ვჯდებით. გვეუბნება, რომ გზას, რომელზეც ჩვენ მივდივართ, სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და ის 11 სოფელს აკავშირებს. ნახევარი საუკუნე არავის შეუკეთებია. ასფალტის ნაცვლად მხოლოდ ორმოები იყო. მგზავრობას 2 საათი სჭირდებოდა, მაშინ როცა ახლა 18.5 კილომეტრის გავლა სავსებით შესაძლებელია 15 წუთში. 2019-2020 წლებში ხალხმა საპროტესტო აქციები მოაწყო. შიმშილობამდეც კი მივიდა საქმე. მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა ხელისუფლება დათმობაზე და გამოყო სახსრები გზის რემონტისთვის. მშანეცი საზღვრისპირა სოფელია. პოლონეთისგან დაბალი მთებითაა გამოყოფილი. აქ დაახლოებით 140 ადამიანი ცხოვრობს. ეს ნატალიას მეუღლის, მამა რომანის მრევლის ნაწილია. ის ასევე მსახურობს სოფელ პლოსკოეში (40 კაცი) და გალოვკაში (27 კაცი). მათ სახლთან ვჩერდებით.

ფოტოზე ნატალია გრომი - პროექტების მენეჯერი და აქტივისტი

ყოველ კვირას წირვაზე მშანეცში მთელი სოფელი იკრიბება


მამა რომანი სოციალურ მეწარმეობას ავითარებს. თანასოფლელებთან ერთად ტურისტული სახლები მოაწყვეს. შემოსავალი სოციალურ ინიციატივებს ხმარდება.

"არავის ეგონა, რომ ომი რეალობად იქცეოდა", - ამბობს ნატალია და დასძენს:

"პირველივე დღეებიდან სოფლის საზოგადოებამ გადაწყვიტა, როგორ და სად დაესახლებინათ ლტოლვილები. სამმა ჩვენმა სოფელმა 200-ზე მეტი ადამიანი მიიღო. ყველა სოფელში გვყავდა კოორდინატორები, რომლებმაც დაასუფთავეს ძველი მიტოვებული სახლები, ნაწილობრივ შეაკეთეს კიდეც. ახლა პლოსკიში 4 ოჯახი ცხოვრობს, მშანეცში სადღაც 5... ეს არიან ადამიანები, რომლებსაც გამოზამთრების საშუალება არ აქვთ - ისინი ვერ ბრუნდებიან სახლებში. ერთ-ერთია მრავალშვილიანი ოჯახი სუმშინიდან, მათ მშანეცში საცხოვრებლად დარჩენა სურთ. უკრაინელი მეცენატების წყალობით, მათ სახლი შეუძინეს".

"გვსურდა, რომ მათ ჩვეულებრივი ბავშვობა ჰქონოდათ"

მღვდლის სახლთან მდინარე მოედინება. მასზე გადებულ პატარა ხიდს ძველ სკოლამდე მივყავართ. აქ, აპრილიდან შემოდგომამდე, პენსიაზე გასული 2 ადგილობრივი მასწავლებელი, ნადეჟდა და ირინა, ატარებდნენ არაფორმალურ გაკვეთილებს ლტოლვილი ბავშვების ინტეგრაციისთვის. 80-იან წლებში სკოლაში 700-მდე მოსწავლე სწავლობდა. დროთა განმავლობაში ახალგაზრდები საზღვარგარეთ სამუშაოდ ან დიდ ქალაქებში გადავიდნენ. 2017 წლისთვის სკოლაში მხოლოდ 5 მოსწავლე დარჩა. სასწავლებელი დაიხურა და გადაწყვიტეს მისი ჰოსპისად გადაკეთება, მაგრამ მშენებლობა არ დასრულებულა. ჩვენ შევდივართ შენობაში. ნადეჟდა აღებს თავის კლასს. ფანჯრის რაფაზე საბავშვო სათამაშოებია. ყველგან წიგნები და სურათებია.

"კლასში ბავშვები მივიღეთ, მაგრამ სკამებიც კი არ გვქონდა", - იხსენებს ნადეჟდა, - "ვიპოვეთ სკოლის მერხების, მაგიდების, კარადების ნარჩენები. პირველი გაკვეთილი იყო 16 აპრილს - სააღდგომო დღესასწაულებზე. ბევრი ვისაუბრეთ ადგილობრივი ტრადიციების შესახებ. ბავშვები იყვნენ სხვადასხვა რეგიონიდან, 3-დან 10 წლამდე ასაკის. გაკვეთილებს სულ 31 მოსწავლე ესწრებოდა, ადგილობრივებიც მონაწილეობდნენ".

ნადეჟდა და ირინა საკუთარ კლასში

საბავშვო სათამაშოები, რომლებიც სოფელმა დევნილ ბავშვებს შეუგროვა

აღსაზრდელების ნახატები

სკოლის ცარიელი დერეფნები

"ხანდახან ტყეში დავდიოდით. ბავშვები, რომლებსაც ტრავმატული გამოცდილება ჰქონდა, მალევე რეაგირებდნენ უცნობ ხმებზე - იძაბებოდნენ. ხშირად იყვნენ გაუბედავები, რთულად ეგუებოდნენ სიახლეებს. ერთხელ 6 წლის არტიომი პოკროვსკიდან თვალცრემლიანი მომიახლოვდა - უკრაინული ენა არ მესმისო. ადგილობრივი ბავშვები მის გამხნევებას ცდილობდნენ, უხსნიდნენ რაღაცეებს რუსულად. 2 დღიანი მეცადინეობების შემდეგ არტიომმა თქვა, რომ უკეთ ესმის უკრაინული. დახატა პიცა. ენატრებოდა პიცერია საკუთარ ქალაქში. გაკვეთილებზე ვცდილობდით არ შევხებოდით საკითხებს, რომელიც მტკივნეული იყო ბავშვებისთვის. გვსურდა, მათ ჰქონოდათ ჩვეულებრივი ბავშვობა...".

ლიმარები

მშანკაში ყველამ იცის ვინაა ლიმარები. ეს ოჯახი წარმოშობით სუმიდანაა და 5 ბავშვი ჰყავთ. მათი ჩამოსვლითსოფელში ბავშვების რაოდენობა გაორმაგდა. შევდივართ ეზოში - აქ სხვადასხვა სამუშაოებია გაჩაღებული. არემონტებენ ძველ სახლს. სახურავზე ვიქტორ ლიმარია.

სახლი ოჯახსითვის ლვოვის კათოლიკურმა უნივერსიტეტმა შეიძინა. მამა რომანის თხოვნით სახლის გასაახლებლად აქ 25 მოხალისე ჩამოვიდა ორგანიზაციიდან "ავაშენოთ უკრაინა ერთად". ცდილობენ პირველ სიცივეებამდე გადახურონ სახლი და ძირითადი სამუშაოები შეასრულონ. ვიქტორის მეუღლეს, ანას ხელში უჭირავს წლამდე ასაკის შვილი, არტური. გვიყვება, რომ სუმი 11 მარტს დატოვეს. გადაწყვეტილების მისაღებად ბოლო წვეთი იყო დღე, როცა მტრის თვითმფრინავმა მათი სახლიდან 100 მეტრში თბოელექტროსადგურზე ბომბი ჩამოაგდო. ლვოვამდე ჩამოსასვლელად 2 დღე დასჭირდათ. იქ მათ მშანეცში დაბინავება შესთავაზეს.

ანა ლიმარი ვაჟთან, არტურთან ერთად

ოლეგს მოსწონს სიმღერების წერა და რეპი

ვიქტორ ლიმარი ოსტატია

მოხალისეები უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან სახლის სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობენ

ლიმარების უფროსი შვილი ალინა 12 წლისაა, მარინა 9-ის, ივანნა - სამის, ხოლო ოლეგი 14-ის. აგროვებენ სოკოს რეაბილიტირებული ბანაკის ტერიტორიაზე

ანას და ბავშვებთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა. ქალი ჰყვება, რომ მას და ქმარს შეეშინდათ ბავშვებთან ერთად უცხო ქვეყანაში გამგზავრება. უფროსი ვაჟი, ოლეგი სუმში, სამხედრო სასწავლებელში ირიცხებოდა, მესაზღვრე უნდა გამხდარიყო. მამამ ის სასწავლებლის დაბომბვამდე 1 საათით ადრე წამოიყვანა. ახლა არ სურთ, რომ შვილს რამე აკავშირებდეს სამხედრო ფორმასთან.

ერმაკოვები და ზელენსკები

ლიმარები არ არიან გამონაკლისები მათ შორის, ვინც ახალი სახლი კარპატებში იპოვა. მშანეცს კიდევ ერთი სოფელი, პლოსკოე ესაზღვრება. ომის დაწყებიდან მან 49 დევნილი მიიღო. ადგილობრივი მასწავლებლის ნატალია ლოპუშანსკაიას თქმით, პირველები მარტში მათთან დონეცკიდან ერმაკოვები და ზელენსკები ჩამოვიდნენ. ისინი დღესაც აქ არიან. გადაწყვიტეს კარპატებში გამოიზამთრონ.

შევდივართ მომცრო ეზოში. კარს ალექსეი ერმაკოვი გვიღებს. ის წარმოშობით დონეცკის შემოგარენიდან, სოფელ სტარომიხაილოვკიდანაა. სახლში შესვლამდე ფეხზე ვიხდით. კუთხეში ვამჩნევთ ვაშლებით სავსე ჯამს. ოთახში მოთუშული პომიდვრის სუნია.

- მობრძანდით, ნუ დგახართ შემოსასვლელში, - იღიმის მამაკაცი. "ცოლთან ერთად აჯიკას ვამზადებთ, დედაჩემის რეცეპტით. 3 კილო პომიდორი, 25 წითელი წიწაკა, 300 გრამი ნიორი, 2-5 ჩილის წიწაკა". მისი ცოლი, ანჟელა ხუმრობს, რომ ზამთრისთვის ასეთი სამზადისი ალექსეის გატაცებაა.

ალექსეი ერმაკოვი ცოლთან, ანჟელასთან ერთად. ხელებში სათამაშო კატა "რიკი", რომელიც წამოსვლამდე შვილის ხელჩანთაში ჩააგდეს. ახლა ეს უფროსი გოგოს საყვარელი სათამაშოა

ალექსეი ამზადებს აჯიკას. საწოლზე მცირეწლოვანი შვილი, ასევე ალექსეი წევს

სახლი პლოსკოეში, სადაც ერმაკოვები ცხოვრობენ

სარდაფში ზამთრის საკვების მარაგია

გაზმომარაგება სოფელში არ აქვთ. ადგილობრივები შეშას იმარაგებენ

ოჯახის დევნილობის ისტორია 2014 წელს დაიწყო. მაშინ საომარი მოქმედებების გამო ისინი დონეცკის ოლქის სოფელ კრასნაია პოლიანაში გადავიდნენ. იქიდან - უგლედარში. იქ ალექსეი 16 წლის განმავლობაში მუშაობდა მაღაროში. თებერვალში, როცა რუსები თავს დაესხნენ უკრაინას, ალექსეის და ანჟელას ორივე ქალიშვილი სასწავლებლად იყვნენ წასულები. 18 წლის ქსენია ხარკოვში. კიდევ ერთი, 21 წლის ეკატერინა კიევში. ქსენიამ ქალაქი მარტში, სროლების მიმდინარეობისას დატოვა. ლვოვში საევაკუაციო მატარებლით ჩავიდა. ახლა მშობლებთან ერთად ცხოვრობს პლოსკოეში, აგრძელებს სწავლას დისტანციურად. კატია ჯერ ევროპაში წავიდა, იქიდან - კანადაში. თავად ალექსეი მეუღლესთან და უმცროს, 8 წლის ვაჟთან ალექსეითან ერთად უგლედარში ბოლო მომენტამდე დარჩა, სანამ რუსებმა არ დაიწყეს ქალაქის დაბომბვა. მარტში პლოსკოეში აღმოჩნდნენ.

"ჩვენთან ირგვლივ სტეპია, ცხელა, - ამბობს მამაკაცი, - სახლიდან გამოდიხარ და 10 კმ-ის რადიუსში ხედავ ყველაფერს. აქ მთებია და ცივა. ჰაერი სუფთაა. უჩვეულოა, რომ გარგარი არ არის, სახლში თითქმის ყველგან იყო. აქ კარპატებში ვაშლისა და სოკოს სამოთხეა".

ოთახში ანჯელას და, გალინა ზელენსკაია შემოდის. მეზობლად ცხოვრობს. მკლავზე ყვითელი და ლურჯი სამაჯური უკეთია. მასთან ერთად ოთახში მისი ათი წლის ვაჟი დავითი შემოდის. ომამდე დავითი პროფესიონალურად იყო დაკავებული ბერძნულ-რომაული ჭიდაობით, ისევე როგორც მისი უფროსი ძმა, 17 წლის კირილე. მათი ყველა მედალი და დიპლომი სახლში დარჩა.

დავითი ძაღლთან, "ფარტთან" ერთად, რომელიც ევაკუირებულია ოჯახთან ერთად

"მე მომწონს სოფელში", - ამბობს ბიჭი, "ფეხბურთს ვთამაშობთ აქაურ მეგობრებთან, ივანთან, პეტრთან და ვასილისთან ერთად, აქვე, მაღაზიის მახლობლად მინდორზე. ოღონდ გუნდის სახელი ჯერ არ გვაქვს მოფიქრებული."

გალინა და მისი ოჯახი ომამდე უგლედარში ცხოვრობდნენ. მუშაობდა გამყიდველად. ახლა დიასახლისია. ქმარი ომში წავიდა.

"ჩვენ არასდროს ვყოფილვართ დასავლეთ უკრაინაში, - გვიზიარებს ქალი, - აქ სილამაზეა, ტყეა ირგვლივ. მაგრამ მარტში იყო ნალექი, ჯერაც თოვლი იდო. თავიდან შოკი გვქონდა, ვერ ვიაზრებდით, როგორ გვეცხოვრა. უგლედარში გვქონდა ბინა. შეჩვეული ხარ ცხოვრების გარკვეულ რითმს, უეცრად კი წაგიყვანენ და აბსოლუტურად სხვა რეალობაში აღმოჩნდები. ახლა უკვე შევეჩვიეთ. ვიმზადებთ შეშას ზამთრისთვის".

იერმაკოვებისა და ზელენსკების შვილებმა სახლიდან გამოირბინეს და მანქანამდე გაგვაცილეს. არაფერი უკითხავთ, უბრალოდ ყურადღებით გვიყურებდნენ. გადავედით სოფელ სტრელკში, სადაც ლიცეუმის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ ასეთივე ბიჭები და გოგონები, რომლებიც ომმა სახლიდან შორეულ მთებში გადმოისროლა.

სევასტიანოვები

ტატიანა სევასტიანოვა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკადან არის. სტრილკებში მაისში ჩამოვიდა. ახლა დეკრეტულ შვებულებაშია. ჰყავს სამი შვილი: 15 წლის ანტონინა, 8 წლის მაქსიმი და 4 წლის ილია. ის, ისევე როგორც ასობით ათასი უკრაინელი ლტოლვილი, ომის ზონიდან ლვოვში საევაკუაციო მატარებლით გაემგზავრა.

"კუპეში 11 კაცი ვიყავით, - იხსენებს ის, - მთელი ღამე ფანჯარასთან ვიდექი, რომ უმცროს შვილს ჩემს ადგილას ცოტა ხნით მაინც დაეძინა. უფროს ბავშვებს ერთად ეძინათ ზედა თაროზე. გვქონდა თითო ზურგჩანთა და სურსათის 1 ჩანთა. თქვეს, სხვას ვერაფერს წაიღებთ, იმიტომ რომ ადგილები არააო. აი ჩვენმა მეზობელმა 15 ჩანთა წამოიღო, ამბობდა, ბეწვის ქურთუკი რატომ დავტოვოო..."

ტანია უმცროს ბიჭთან ერთად. ილია ოცნებობს გახდეს სამხედრო, როგორიც მამამისია

ანტონინა და მისი შვილიშვილი. მაქსიმეს სურს გახდეს მფრინავი

ტანიამ არ იცოდა სად მიდიოდა. ლვოვში არც ოჯახი ჰყავდა, არც ნაცნობები. მოხალისეებმა ის სტადიონ "არენაზე" წაიყვანეს. აქ პირველად მრავალი დღის განმავლობაში მან დაიძინა. ბოლო კვირები მშობლიურ ქალაქს გამუდმებულად უტევდნენ, ისმოდა სროლის ხმა. ოჯახს სარდაფში ეძინა.

"ე.წ რუხ ზონაში ვცხოვრობდით, - გვიხსნის ტანია. ბოლო 8 წელია შევეგუეთ მუდმივ სროლებს, ხმებს. ეს ლვოვსა და კიევში გაუკვირდათ ბომბები".

სტრილკიში ჩამოსულს ოჯახი საერთო საცხოვრებელში აღმოჩნდა. 18 საწოლზე 21 ადამიანს ეძინა და 3 კატას. თანდათან ლტოლვილების რაოდენობამ იკლო. ტანიას ცალკე ოთახი მისცეს.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ მათთან ტანიას დედა, ანტონინა ჩამოვიდა. ბებია უკვე 7 თვე არ უნახავთ. ტანია ჭიქებში ჩაის ასხამს. ანტონინა დეს მაგიდაზე ქილას დაჭრილი ლიმნით. ამბობს, რომ ეს ვიტამინების წყაროა. ბავშვები მორიდებით დგანან ბებიის და დედის ზურგსუკან. პერიოდულად ჩუმად იღებენ კანფეტებს.

ანტონინა 42 წლის განმავლობაში მუშაობდა კონსტანტინოვკას სადგურზე. პენსიამდე 9 თვე დარჩა. "არ ვიცი, როგორ იქნება,- ოხრავს ქალი. - იქნებ უნდა წამოვიდე სამსახურიდან. ჯერ არ მინდა იქ დაბრუნება. (ტირის) ერთხელ ღამე ისეთი აფეთქება იყო, ყველა ფანჯარა ჩაიმსხვრა, ჭერი ჩამოინგრა. აღარ ვარ იმ ასაკში, ის ნერვები აღარ მაქვს. ჩემი სამსახური ძალიან მიყვარს... მაგრამ აქ სხვა თუ არაფერი შვილიშვილები მაინც მყავს ახლოს. შვილო ავდიივკასთანაა. სიძე კონსტანტინოვკაშია. იქ მუდმივად ისვრიან. ვლოცულობთ, რომ ყველაფერი კარგად იყოს, ომი საშინელებაა, უმჯობესია, არავინ ნახოს". ქალი დასძენს, რომ ბავშვები ძალიან გაიზარდნენ.

"ერთხელ ქუჩაში უმცროს ბავშვთან ერთად მივდიოდი, - იხსენებს ტანია. ვეძებდით ძაღლს, "რიჟუხას". ამ დროს მეორემ მოირბინა, ილიამ ძვალი დაუგდო. "რიჟუხამ" ძვლის წართმევა დაიწყო, ამ დროს ილიამ მითხრა: დედა, ეს ჩვენი უკრაინაა, ის კი რუსეთი. ახლა მოერევა, ხომ ხედავ... იმიტომ რომ ჩვენ ძლიერები ვართ. ბავშვი მხოლოდ 4 წლისაა და მას ესმის, რომ რუსეთი დაგვესხა თავს, რომ ისინი გვჩაგრავენ".

ოსტროველები

სევასტიანოვებზე ერთი სართულით დაბლა 11 წლის მირონი ცხოვრობს. დაკავებულია ვოკალის შესწავლით, უყვარს ჯაზი და რეპი. ის ოკუპირებული ხერსონიდანაა, უკრაინის სამხრეთი ნაწილიდან. დედამისი ელენა ილიჩენკო სამოქალაქო აქტივისტი და ეკოლოგია. ელენა საკუთარ თავს "ოსტროველს" ეძახის, რადგან ოჯახი ხერსონის მიკრორაიონში - ოსტროვში ცხოვრობდა. ეს ტერიტორია დანარჩენ ქალაქს 1 ხიდით უკავშირდება. ყველა მხრიდან გარშემორტყმულია დნეპრით. "ოსტროველების" ძირითადი საქმიანობა მეთევზეობა და ნიჩბოსნობაა. ელენა და მისი ქმარიც ახალგაზრდობაში უკრაინის ნიჩბოსანთა ეროვნულ ნაკრებში ირიცხებოდნენ. სწორედ შეჯიბრებებზე გაიცნეს ერთმანეთი.

"როცა ომი დაიწყო არ გვქონდა პროდუქტები, - იხსენებს ქალი. მეზობელი ბადით იჭერდა თევზს. ადგილობროვებს 3 ტონა თევზი დაურიგეს. ეს ბრაკონიერობა იყო, მაგრამ ადგილობრივებს რაღაცა მაინც ხომ უნდა ეჭამათ. რუსებმა მოგვცეს ქათმები, როცა ფრინველების ადგილობრივი ფერმა დაიბომბა. ფრინველების გამოკვება შეუძლებელი იყო. მათ ტომრებით გვირიგებდნენ, ყველაფერი ყარდა. დედა ცდილობდა მათ გამოშიგნვას, სანელებლების ჩამატებას... ვჭამდით, რადგან ძალიან გვშიოდა. ახლა ქათმის ხორცს ვერ ვიტანთ".

ელენა ილჩენკო ვაჟთან, მირონთან ერთად საერთო საცხოვრებლის ოთახში

მირონი იხუტებს ბალიშს, რომლის გატანაც მშობლებმა სახლიდან მოახერხეს

მირონი ტელეფონში საკუთარი მიკრორაიონის ფოტოს გვიჩვენებს.

"ეს ჩვენი სახლია, #5 - გვიხსნის ის. - ეს ხიდია, აქ ბებიაჩემის სახლია. ისინი (რუსები-ავტ.) ეზოში ტანკებით შემოვიდნენ. შემოანგრიეს დიდი რკინის კარები".

12 აპრილს ელენამ ვაჟთან ერთად დატოვა ოკუპირებული ტერიტორია. რუსებმა ვერ მოასწრეს ბლოკ-პოსტის დაყენება ხიდზე. იმავე დღეს იქაურობა ოსტროვის მოსახლეობის ნახევარმა დატოვა. დაახლოებით, იქ 4 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ელენას ქმარმა და დედამ ქალაქის დატოვება მხოლოდ 4 თვის შემდეგ შეძლეს. დიდხანს უჭირდათ ნანახთან და გადატანილთან შეგუება. რუსები აშიშვლებდნენ მამაკაცებს, ათვალიერებდნენ რა სახის ტატუირებები ჰქონდათ. ამოწმებდნენ ტელეფონებს. ხანგრძლივი დროის შემდეგ მთელი ოჯახი სტრილკებში  საერთო საცხოვრებელში აღმოჩნდა.

დროდადრო მირონი მეგობრებს ხერსონში ურეკავს.

"ჩემი მეგობარი იაროსლავი ამბობს, რომ ხერსონში ერთი ქილა კოკა-კოლა ღირს 83 უკრაინული გრივნა, - აღნიშნავს მირონი. - ასევე არიან კირილი და მაქსიმე. კირილე ახლა ოდესის რეგიონშია. ბებიის იხვებს დარაჯობს, რომ სიმინდში არ გაიქცნენ, ძაღლებს არ უშვებს მათთან. მაგრამ ჩემი საუკეთესო მეგობარი - მაქსიმია. ვაპირებთ შევხვდეთ, როცა ომი დასრულდება. გავისეირნებთ ოსტროვში... აი "გლობალური" ოცნებაა შევხვდე ჩემს ძაღლს - "ბაფის". ყეფისას ამბობს "ბაფ, ბაფ"... უკვე ყოველდღე მესიზმრება, რომ სახლში ვბრუნდებით...და ზღვაზე".



ტექსტის ავტორი: რომანია გორბაჩი
ფოტო: კირილ ტიგაი

წყარო: Мені вже кожен день сниться, що ми їдемо додому

This article was developed with the support of Journalismfund.eu.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.