უჩა ნანუაშვილი აპირებს „კრწანისის“ ცენტრში უცხო პირების
შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით ყველა მასალა გამოითხოვოს და
გაეცნოს.
„ჩვენ ვაგრძელებთ საქმის შესწავლას, ადამიანის უფლებების დარღვევის
კუთხით ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ჯერ რაიმე გამოიკვეთა, რადგანაც
გამოძიება მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ გამოძიებას. მე ჯერ არ
მიჩნდება კითხვები იქედან გამომდინარე, რომ,
შესაძლოა,
მართლაც იყო გარკვეული საკითხი პრობლემური. ის ადამიანები რომ იყვნენ
გადასული სამხედრო ტერიტორიაზე, ამას ადასტურებენ გუშაგები.
თუმცა, იყო თუ არა ყველა პროცედურა დაცული, ამას შევისწავლით.
საქმესთან დაკავშირებით მასალები არ გაგვაჩნია. შესაბამისად, რამდენად
სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს გამოძიება, ამაზე მოგვიანებით
გვექნება რეაგირება“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე
უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი.
ისინი არ დაემორჩილნენ განაწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას
და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით
გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე
შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის
დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. ის უკვე
იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი
გიორგი შენგელიაა. ეძებენ კიდევ ორ პირს, რომელმაც გაქცვა
მოახერხა.
გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები