სამართალდამცავებმა საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციის შედეგად, მძევლად ხელში ჩაგდების
ბრალდებით, 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამავე ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ გ.დ.-ს თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა გატაცებულის მამამ და აცნობა, რომ გამტაცებლები მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდნენ, შვილის გამოსასყიდად დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს, ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მძევლის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
სამართალდამცველებმა, გატაცებულის ადგილსამყოფელი დაადგინეს. გამოძიების ინფორმაციით, გ.დ. შეიარაღებულ გამტაცებლებს იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ჰყავდათ გადამალული.
პოლიციამ გატაცებული ახალგაზრდა წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლა. სამართალდამცველებმა სახლიდან, სადაც გამტაცებლებს მძევალი ჰყავდათ გადამალული, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი.
პოლიციამ გ.დ. ოჯახში უვნებლად დააბრუნა. დანაშაული, ბრალის დამტკიცების შემხვევაში, 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.
სამინისროს მიერ ინფორმაციის გავრცელებამდე "ინტერპრესნიუსი" წერდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა. საქმე ეხება იმ ადამიანის გატაცებას, რომელიც გალში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ გატაცებულის გათავისუფლების სანაცვლოდ სოლიდურ გამოსასყიდს ითხოვდნენ.
ამავე თემაზე:
დაკავებულია 18-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც ადამიანი გაიტაცა და გალში გადაიყვანა
მასალის გამოყენების პირობები