შინაგან საქმეთა მინისტრმა 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა.
ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრძანების თანახმად, ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და უშუალოდ არჩევნების დღეს, თავიანთ სამოქმედო არეალში, სამართალდარღვევათა პრევენციას და მათზე დროულ რეაგირებას უზრუნველყოფენ.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ბრძანება ყველა პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს.
გარდა ამის, შს სამინისტრომ ცესკოსთან მემორანდუმიც გააფორმა, რითაც საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობისათვის დამატებითი ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო განისაზღვრა.
სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტი ითვალისწინებს არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად მხარეთა თანამშრომლობას, ერთობლივი ღონისძიებებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.
ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები