აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის ყოფილმა უფროსმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ასლან კობახიამ „ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა,
რომ „სატრანზიტო ტვირთები აფხაზეთის ტერიტორიაზე უკვე გადაადგილდება და მომავალშიც იმოძრავებს მხოლოდ ადგილობრივი კანონმდებლობის საფუძველზე“.
„ნებისმიერი სატრანზიტო მოძრაობა მომგებიანია აფხაზეთისთვის. ჩვენ ამისკენ მივისწრაფვით, მაგრამ არავინ იფიქროს, რომ გვაიძულებს რამეს ისეთს, რაც ჩვენ არ გვსურს.2011 წელს, როდესაც საქართველომ და რუსეთმა მოაწერეს ხელი შეთანხმებას ტვირთბრუნვის მონიტორინგის თაობაზე, იყო გარკვეული შიშები, თუმცა დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, გამომდინარე რუსეთის მიერ დაფიქსირებული პოზიციიდან.აფხაზეთი სატრანზიტო ქვეყანაა, რუსეთი კი - დიდი დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუმცა, მაშინ, როდესაც საქმე ეხება აფხაზეთის ტერიტორიას, აქ იმოქმედებს მხოლოდ დამოუკიდებელი აფხაზეთის კანონები“, - განაცხადა კობახიამ.
მისი თქმით, რა იქნება რუსეთის ტერიტორიაზე, ვინ იდგება რუსეთის საზღვართან და რა პროცედურების გაივლის ესა თუ ის ტვირთი რუსეთში, სოხუმის საქმე არაა, ასევე, კობახიას თქმით, მათ არ ეხება, „თუ ვინ და როგორ იმუშავებს საქართველოს ტერიტორიაზე. აფხაზეთის ტერიტორიაზე ტვირთი იმოძრავებს აფხაზეთის კანონმდებლობის ფარგლებში. ეს არის საკითხი, რომელზეც კომპრომისი არ იქნება“.
„ჩვენ და საქართველო ვართ დედამიწის ძალიან საინტერესო კუთხეში. ქართველებმა უნდა გაიგონ, რომ არ არსებობს მუდმივი ომები. არსებობს დამოუკიდებელი აფხაზეთი, რომელიც თავად გააკონტროლებს ტვირთებს თავის ტერიტორიაზე.ნებისმიერი ტვირთი, რომელიც ტრანზიტით გაივლის აფხაზეთს, გაივლის აფხაზეთის საბაჟო კონტროლს და გადაიხდის დადგენილ თანხას აფხაზეთის ბიუჯეტში“, - განმარტავს ის.
მანამდე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი გამოეხმაურა ბოლო დროს გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნა იგეგმება.მისი განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია მცდარია, მას მიზანმიმართულად ავრცელებს რუსული მედია.
უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ 2011 წელს საქართველო-რუსეთს შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების დეტალები, რომელიც ითვალისწინებს კერძო შვეიცარული კომპანიის მიერ საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგს და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებას არანაირი კავშირი არ აქვს რაიმე სახის საბაჟო ტერმინალების განთავსებასთან.
მასალის გამოყენების პირობები