სუს: დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლების ცნობით, აფხაზეთში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გალში ერთ-ერთმა ადგილობრივმა, საქართველოს მოქალაქემ,
რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებამ დააკავა, თავი მოიკლა. ამ ინფორმაციას სუს-ი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედ ცხელ ხაზზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. სუს-ის განცხადებას რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ:
"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები