უკრაინის მოქალაქემ იულია სუსლიაკმა, შესაძლოა, საქართველოს თავშესაფარი სთხოვოს, თუმცა რა სტატუსით, ჯერ გაურკვეველია. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ მისმა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ უთხრა. მისი განმარტებით,
ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. თოდუა ქალის ბავშვებთან ერთად ზუგდიდში ყოფნის მიზეზებსაც განმარტავს და ამბობს, რომ ის რუსეთიდან აფხაზეთში მეუღლის ჩასვლას ელოდებოდა, რათა აქედან ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასულიყო. ადვოკატის ინფორმაციით, ეჭვის საფუძველი არ არსებობს, რადგან ათივე არასრულწლოვანი ცოლ-ქმრის საერთო შვილია, მათგან ექვსი კი ხელოვნური განაყოფიერებით, სუროგატი დედის საშუალებით დაიბადა და მათი მამა სუსლიაკის მეუღლეა.
„თუ ამ რეჟიმში ყოფნა გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, მოითხოვოს თავშესაფარი. მას არ აქვს თავისუფლად გადაადგილების საშულება. მართალია, ის არ არის პატიმრობაში, თუმცა მას აქვს მოწმის სტატუსი და ეზღუდება საზღვრის დატოვება. გუშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც წერტილს დაუსვამს ამ ფაქტს. ეს ქალბატონი დეენემის ანალიზს გაიკეთებს. აქვე გამოჩნდება მამის დეენემიც, რითიც დადასტურდება, რომ დანარჩენი ექვსი ბავშვი მისი ქმრის შვილია. ათი ბავშვიდან ამ ქალის ბიოლოგიური შვილი არის ოთხი, აქედან სამი დაიბადა უკრაინაში, ერთი კი, რომელიც ათი თვისაა, გაჩნდა ამერიკაში. დანარჩენი ექვსი არის სუროგატი დედების მიერ გაჩენილი. ეს ყველაფერი დოკუმენტურად არის დადასტურებული. მას აგრეთვე გააჩნია უფლება, რომ საზღვარზე გადაიყვანოს ბავშვები. იყო მითქმა- მოთქმა, რომ ბავშვებს აშიმშილებდა და რაღაც. ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვაც, რომ თვეების ბავშვი სოსისით როგორ მოიწამლაო. ექიმმა განმარტა, რომ თუ დაამუშავებ წინასწარ, პატარა ბავშვმაც შეიძლება გადაყლაპოს სოსისი. არ არის გამორიცხული, რომ ამ სოსისით მოიწამლნენ ბავშვები“, - ამბობს თოდუა.
ადვოკატის განმარტებით, ოჯახის მიგრირება უკრაინაში მეუღლის ბიზნესმეწილეებთან უთანხმოებას მოჰყვა, რის შემდეგაც მათ საცხოვრებელი სახლი დატოვეს და ამერიკაში გაემგზავრნენ. როგორც ზურაბ თოდუა გვიყვება, მათ საემიგრაციო სამსახურთან ამერიკაშიც შეექმნათ პრობლემა, რის შემდეგაც ქმარი რუსეთში ჩავიდა, ცოლი კი ბავშვებთან ერთად საქართველოში გამოემგზავრა.
„ქალბატონი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა უკრაინაში. ქმარს ჰქონდა ბიზნესები და მეწილეებთან შეექმნა პრობლემები. რადგან ეს მეწილეები იყვნენ გავლენიანები, მან ჩათვალა, რომ უკრაინაში საფრთხე ემუქრებოდა და ჩავიდნენ ამერიკაში. აქ მათ საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით შეექმნათ პრობლემა და მათი დეპორტაციის გადაწყვეტილბა მიიღეს. ცოლი საქართველოში გამოემგზავრა, ქმარი კი რუსეთში. ქმარი რუსეთიდან, ხოლო ქალი საქართველოდან აფხაზეთში უნდა ჩასულიყვნენ, სადაც უნდა ეცხოვრათ ცოტა ხნით მაინც, მყუდროდ“, - თქვა ადვოკატმა.
უკრაინელი ქალის ზუგდიდში ყოფნის შესახებ საზოგადოებამ მას შემდეგ გაიგო, რაც ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ მათ მეზობლად მცხოვრები ათი ბავშვი უმძიმეს პირობებში იმყოფებოდადა მათ სამედიცინო დახმერება სჭირდებოდათ.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი 20 აპრილს შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონაა. მოგვიანებით ისინი ქუთაისიში ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩებიან. შს სამინისტროს ინფორმაციით, მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს და უწყებამ გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი) დაიწყო. შსს-ში განმარტავენ, რომ ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის საავადმყოფოში 10 ბავშვი მოწამლვის ნიშნებით მოათავსეს
ზუგდიდში მოწამლული ბავშვები ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
მეზობლები ზუგდიდში მოწამლულ ბავშვებზე: ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ, სასწრაფოში ჩვენ დავრეკეთ
მასალის გამოყენების პირობები