საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელი ლევან მერაბიშვილი ჭყონდიდის ეპარქიაში იმყოფება. მისი თქმით, ვიზიტის საფუძველი შეტყობინებები გახდა,
რომელთა მიხედვით, ადგილობრივები ყოფილ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს მიწის ნაკვეთების მიტაცებაში ადანაშაულებენ. ის ეპარქიის ქონების გადაბარებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წარმომადგენლებს შეხვდება.
„ჯერ არ ვიცი რა რაოდენობაზეა საუბარი, ადგილობრივების ბევრი ზარი შემოვიდა. უნდა ვნახოთ, ქონების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტები თუ გააჩნიათ. აქ იმიტომ ვარ, რომ გავერკვიო სიტუაციაში და შევხვდე მოსახლეობას“,- თქვა მერაბიშვილი.
ყოფილი მიტროპოლიტის მიმართ არსებულ ბრალდებებს იღუმენია თამარ გამყრელიძემ უპასუხა. მისი თქმით, მეუფე პეტრეს მხრიდან მოქალაქეების მიწების ნაკვეთების მითვისებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ცილისწამებას უწოდებს.
"ყველაფერი არის საპატრიარქოს სახელზე. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენ შეჩვეული ვართ ასეთ თავდასხმებს... დაქირავებული ადამიანები აჟღერებდნენ ამ ცილისწამებებს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, თუ რა არის მეუფის ქონება. ეს ხომ ძალიან მარტივია. არის ვინმე კეკუტია, რომელსაც უნდოდა დადიანების რეზიდენციის მითვისება და წინააღმდეგობაში შევიდა მეუფესთან და ამის შემდეგ ეს კაცი აფინანსებს თავის სოფელში ხან ვის, ხან ვის, რომლებიც ცილს სწამებენ მეუფეს", - ამბობს იღუმენია თამარ გამყრელიძე.
ეპარქიის რეზიდენციაში იმ ადამიანებს ელოდებიან, რომლებიც ყოფილ მიტროპოლიტს მიწის ნაკვეთების მიტაცებაში ადანაშაულებენ.
მასალის გამოყენების პირობები