2020 წლის 25 მარტს ზუგდიდში კორონავირუსი შტამით Covid-19 სოფელ ზედაეწერის მცხოვრებ მამაკაცს დაუდასტურდა. ის პირველი პაციენტია, რომელსაც სამეგრელოში ახალი ვირუსული ინფექცია დაუდგინდა.
რეგიონში პირველმა ინფიცირებულმა ვირუსი, თითქმის, ორ კვირაში დაამარცხა, თუმცა მას შემდეგ, სამეგრელოსა და მესტიაში კორონავირუსი კიდევ ასობით პირს აღმოაჩნდა.
კოვიდზე გამარჯვებულების რაოდენობაც სამეგრელო-ზემო სვანეთში იზრდება. რადიო
"ათინათმა" გადაწყვიტა, მსმენელისა და მკითხველისთვის გაეცნო ვირუსზე გამარჯვების ისტორიები. ჩვენ ინფიცირებულ ზუგდიდელ პაციენტებს, რომლებმაც ვირუსი დაამარცხეს, მათი კოვიდ ისტორიის მოყოლა და გამოცდილების გაზიარება ვთხოვეთ.
ჟურნალისტი თეონა კვარაცხელია ერთ-ერთია იმ 71 468-ს პაციენტს შორის, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა. მისთვის იზოლაციის დღეები არ ყოფილა მარტივი, თუმცა შიში არ ჰქონია. ამბობს, რომ ბევრი რამ გადააფასა და ამ ვირუსმა სიცოცხლის ყოველი დღის სიყვარული და მადლიერება ასწავლა. თეო თავისივე სურვილით სახლში დარჩა, მკაცრი საკარანტინო წესის დაცვით.
"მქონდა სიმპტომი გაციების, თავის ტკივილი, მამტვრევდა ძვლებში და თან ეჭვი მქონდა , რომ ვიყავი რამდენიმე ინფიცირებულის კონტაქტი. იმ ადამიანებს დაუდასტურდათ წინა დღით და შესაბამისად, მეც გადავწყვიტე გამეკეთებინა ტესტი და აღმოვჩნდი კოვიდდადებითი. როგორც კი სიმპტომები დამეწყო, იმ დღიდან გადავედი იზოლაციაში, იზოლირებული ვიყავი ოჯახის წევრებისგან, ასევე სახლში მყავს რისკჯგუფის ქვეშ მყოფი ოჯახის წევრი 87 წლის ბაბუა, რომელსაც აქვს თანმხლები დაავადებები. დამიკავშირდა უბნის ექიმი და ბუნებრივია მისი რეკომენდაციების გათვალისწინებთ ვიღებდი ძალიან ბევრ სითხეს, ციტრუსს, ვიტამინებს, ხილს და ვცდილობდი ყოველთვის ვყოფილიყავი აქტიური, ვვარჯიშობდი. როცა ოჯახის წევრები არ იყვნენ, ეზოში ვსეირნობდი და ვცდილობდი, ასე მარტივად გადამეგორებინა ეს რთული დღეები, კომპიუტერის საშუალებით რაც კი შემეძლო დისტანციურად ვამზადებდი ახალ ამბებს ვებგვერდისთვის. გარეთ გასვლა არ შემეძლო და ერთადერთი განტვირთვა იყო აქტიური ვარჯიშები, წიგნები, საინტერესო ფილმები. ვირუსიდან გამომდინარე დავრჩი მარტო, ბევრი რამ გადავაფასე, უფრო დავაფასე ადამიანები, ადამიანი არის ადამიანის წამალი, მირეკავდნენ, მწერდნენ...მნიშვნელოვანია სიცოცხლე და ადამიანები, ყოველდღიური სიყვარული მასწავლა სიცოცხლის", - თქვა ტელეკომპანია იმედის სამეგრელო - ზემო სვანეთის ბიუროს ჟურნალისტმა თეონა კვარაცხელიამ.
ლაბორატორიის დადებითი პასუხი კორონაზე ექიმმა ციცო გოგოხიამ 7 ნოემბერს მიიღო. ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით, ერთი კვირა რუხის კლინიკაში იწვა, სადაც ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, შემდეგ კი მკურნალობა სახლში განაგრძო. ახლა კი, როგორც ამბობს, თავს კარგად გრძნობს და კიდევ ორი დღე იქნება თვითიზოლაციაში, რის შემდეგაც ექიმი კლინიკაში დაბრუნებასა და პაციენტების მიღებას აპირებს.
მედიკოსი მოუწოდებს საზოგადოებას გაუფრთხილდნენ თავს, ოჯახის წევრებს და ექიმებს.
"როგორც ყველა ექიმი, ფსიქოლოგიურად, განწყობილი ვიყავი, რომ შეიძლება ეს ვირუსი დამმართნოდა, ძალიან ვფრთხილობდი, მაგრამ მაინც ვერაფრით გავექეცი ამ მსოფლიო გამოწვევას. პირველ რიგში, ვცდილობდი, რომ ოჯახის წევრებისთვის საშიშროება არ შემექმნა და განწყობა მქონდა პოზიტიური, ვიცოდი, რომ გავიმარჯვებდი. მანამდე მქონდა კონტაქტი ინფიცირებულთან და ამიტომ ძალიან ვფრთხილობდი ოჯახის წევრებთან, თითქმის იზოლაციაში ვიყავი. 6 - ში უკვე დამეწყო სიმპტომები, რამაც მაფიქრებინა, რომ შეიძლება ყოფილიყო კოვიდი. ტესტი ავიღე და აღმოჩნდა, რომ პასუხი დადებითია, ვარ გარკვეულწილად რისკის მატარებელი და ამიტომ ამ სიმპტომებთან ერთად გადავწყვიტე მეც და მკურნალმა ექიმა რომ მკურნალობა გამეგრძელებინა სტაციონარის პირობებში და მომათავსეს რუხის კლინიკაში. ერთი კვირა დავყავი იქ. პარასკევამდე მაქვს ვალდებულება, რომ ვიყოთ მეც და ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში. ძალიან ბევრი წასაკითხი მაქვს, როგორც ყველა ექიმს, ინტერნეტში ვეცნობები ახალ ამბებს, ჩართული მაქვს ტელევიზორი. რთულია ერთ ოთახში ჯდომა. ვპასუხობ ყველა სატელეფონო ზარს პაციენტების და ჩემს ფუნქციებს ნაწილობრივ ვასრულებ როგორც ექიმი, მინდა ვიყო ვიღაცისთვის საჭირო და გამოსადეგი. გაუფრთხილდით ექიმებს, თუ ასე წავიდა საქმე ფეხზე დამდგარი ექიმი, რომელმაც შეიძლება მიხედოს პაციენტს, არ იქნება, არის შემთხვევები, როცა პაციენტები მალავენ რომ სიცხე აქვთ, უნდა თქვან, რომ აქვთ სიცხე ან ვიღაცასთან ჰქონდათ კონტაქტი, ეს არის შეუგნებლობა. იმდენად დიდი გამოწვევის წინაშე დგას მსოფლიო, ფაქტობრივად, ამ ვირუსმა მსოფლიო დააჩოქა. ყველა საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და ექიმს უნდა გაუფრთხილდეს და ამ შემთხვევაში შეიძლება რამე გვეშველოს. აუცილებელია ნიღბის ტარება, ხელების დაბანა, დისტანციის დაცვა. დარჩით სახლში, ეს ყველაფერი ჩვენზე ჭკვიანმა ხალხმა ჩამოაყალიბა", - გვიყვება ექიმი მეან - გინეკოლოგი ციცო გოგოხია.
რადიო
"ათინათან" ზუგდიდელი მაია კალანდია ამბობს, რომ სიმპტომების გამოვლენისას, PCR ტესტი არ აუღია. მის მეგობარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ექიმს, ნანა გეგჭკორს დაუკავშირდა და მისი რეკომენდაციების გათვალისწინებით და რჩევებით მკურნალობა სახლში დაიწყო.
"ბევრი სითხე და ჯანსაღი კვება. წვნიანი საკვები, ბოსტნეული, ხილი. ხორცი და რძის პროდუქტები აუცილებლია, რომ ორგანიზმმა ძლიერი იმუნიტეტი გამოიმუშავოს. სუნთქვითი ვარჯიშები, სუფთა ჰაერზე სეირნობა, უნდა მართო საკუთარი თავი",’ - განმარტავს ჩვენი რესპოდენტი.
"ტესტი არ გამიკეთებია, სახლში მოვედი , ყელი გამიშრა, ჩავწექი, დილით გამეღვიძა ხუთ საათზე, მგონია, რომ 100 გრადუსი მაქვს სიცხე და 37.2 მაქვს, ძაან სუსტად ვარ... დაველაპარაკე ნანა გეგეჭკორს ამერიკაში, მან მითხრა, რომ არ გინდა ტესტიო, კორონავირუსი გაქვს გამოხატულადო, ადგე, წახვიდე, რიგში ჩადგე, არ აქვს არანაირი აზრი და დამაკვალიანა , რა უნდა გამეკეთებინა. მივყევი, სამი დღე სიცხე მქონდა, მეშვიდე დღეს, აი, როგორც დენმა დაგარტყას, ასე გავიღვიძე დილის ხუთ საათზე, აი, ეს მდგომარეობა გამიგრძელდა ორი კვირის განმავლობაში. საინკუბაციო პერიოდი დამთავრებული იყო, მერე წავედი კლინიკაში , გადავიღე ფილტვებზე რენტგენი, რადგანაც სუნთქვა მიჭირდა. დეპრესია მქონდა საშინელი. რასაც ვუყურებ, ძირითადად ეს არის ფსიქო - ემოციური მდგომარეობა, რამდენად მართავ საკუთარ თავს, რამდენად შეძლებ, რომ შენი თავი მართო. სიცხეები არ მაქვს უკვე, მეთორმეტე დღის მერე სიცხეები არ მქონია, თუმცა მერე დამეწყო სისუსტე. აბსოლუტურად იზოლაცია გავაკეთე ჩემი მეუღლისგან, მადლობა ღმერთს ,ჩემს სამეგობრო წრეში არავის არ გადასდებია ჩემგან, იმიტომ რომ მე თვითონ ვიცავდი ყველა წეს და კანონს. უკვე არც შიში მაქვს და ვიცი, რომ ეს ვირუსი დაძლეული მაქვს. იზოლაციის პერიოდი გადავიტანე წერით, ტელეფონით, მეგობრებთან კომუნიკაციით, თუმცა იყო პერიოდი, რომ ესეც არ შემეძლო.ჩემი გამოცდილებიდან თქვენს მკითხველს ვეტყვი, რომ მაქსიმალურად სიმშვიდე შეინარჩუნონ. ნუ იზოლაცია აუცილებელია. მე მქონდა იმის პირობები, რომ ოჯახში ვყოფილიყავი იზოლაციაში, მარტო საერთო კიბეზე ჩავდიოდი და კიბის სახელურს ხელს არ ვკიდებდი, სამზარეულო სხვა მქონდა, საჭმელს მე თვითონ ვიკეთებდი, ასევე მეგობრები მაწვდიდნენ და ფანჯრის რაფაზე მიდებდნენ. უნდა მართო საკუთარი თავი. მეგობრებს მივმართავ, ახლობლებს თბილი კომპოტის მიწოდება, ბულიონის ფანჯრის რაფაზე დადება - ეს არის რაც ადამიანს აძლევს ძალას, რომ შენ ვიღაცას სჭირდები, ვიღაცას ახსოვხარ, ის კი არა ბევრი ელაპარაკო, არამედ ამით გამოიჩინო ყურადღება, ისტერია არის ყველაზე უარესი ამ დროს. მე მივუშვი ბოლოს ჩემი თავი, არ ვბერე ბუშტი, აქტიურად არ ვიარე, ამიტომ გამირთულდა", - გვიყვება მაია.
ამ ეტაპზე მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და თავს კარგად გრძნობს.
"კოვიდპოზიტივი" - ასეთი მეტსახელი შეარქვეს მეგობრებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს ნინო იზორიას, მას შემდეგ, რაც მან კორონავირუსი დაამარცხა. იზოლაციის მე-14 დღეს მას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც რუხის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ნინომ გვითხრა, სტაციონარში მისი მკურნალობა ჩივილების და სიმპტომების შესაბამისად მიმდინარეობდა.
"ვიცავდი ზედმიწევნით ისეთ წესებს, როგორიც არის პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა, ოთახის განიავება, თუმცა, ალბათ ყველაფრის დაცვა რთულია, მომიწია იზოლაციაში გადასვლა. მეშვიდე დღეს დამეწყო სიმპტომები, გავიტესტე, თუმცა უარყოფითი პასუხი მომვიდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ მდგომარეობა გართულდა და დამემატა თავის ტკივილი, ყელის ტკივილი,ხველა, სისუსტე. იზოლაციის დღეები დამთავრდა თუმცა ძალიან ცუდად ვიყავი, მეცამეტე დღეს მეორედ გავიტესტე და მეოთოთხეტე დღეს შევიტყვე, რომ ვიყავი კოვიდინფიცირებული. პანიკაში არ ჩავვარდნილვარ, არც შოკი მქონია, ვიყავი ეიფორიაში. მეგობრებთან ხშირი კომუნიკაცია მაძლიერებდა, ძალიან დიდი სიყვარული და სითბო მივიღე მკურნალობის პროცესში და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ცხოვრება მშვენიერია", - გვითხრა ნინომ.
სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი გოგი რევია რადიო
"ათინათს" უყვება, რომ ყველაზე საშიში მაინც იმ მოქალაქეების ქცევაა, რომლებსაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ და ირონიით საუბრობენ ამ ვირუსზე.
გოგი რევიამ და მისმა მეუღლენ ნანა ნოდიამ სახლში იმკურნალეს და ამ დროისთვის არ აღენიშნებათ Covid-19-ის სიმპტომები, თავს კარგად გრძნობენ და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ. რესპოდენტის თქმით, მიუხედავად იმისა რომ უკვე 15 დღე გავიდა, მათ ოჯახის ექიმი არ შეხმიანებია, მკურნალობის კურსი კი ახლობელი ექიმის მითითებით და რეკომენდაციით გაიარეს.
"გავიდა უკვე 15 დღე, ჯანდაცვის სამინისტრო მონიტორინგზე ორჯერ შეგვეხმიანა. სამწუხაროდ, ჩვენთან დღემდე ოჯახის ექიმი არ გამოჩენილა. ვიცი, რა დატვირთვაც არის ექიმებზე, ვერ ასწრებენ,მაგრამ ორი ადამიანი ასაკიანი, მარტო სახლში ერთი ზარი ოჯახის ექიმისგან უნდა ყოფილიყო, იმ ხალხმა რა ქნას, რომელსაც არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ექიმს დაუკავშირდეს....მე ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ფაქტობრივად თვითკონტროლს ვაკეთებდი ხოლმე, ყოველდღიურად ვიზომავდი სიცხეს და ა.შ. ერთ დილას, როცა სიცხე გავიზომე, 37 გრადუსი დამიფიქსირდა. შუადღემდე მქონდა მცირე სიცხე და ეს იყო კვირა დღე, მეორე დღეს ჩავაბარეთ ტესტები მე და ჩემმა მეუღლემ და დადებითი პასუხი დაგვიდასტურდა. არ დავლოდებივარ ოჯახის ექიმს, ქალბატონი მარინა როგავა ასოციაცია ,,თანაზიარის’’ ექიმი გვესაუბრა, რომელმაც მომცა ყველა ის მითითება, რჩევები, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ სახლში ვყოფილიყავით. მკვეთრი გამოხატული სიმტომები არ გვქონია, მაგრამ გამოვლინებები იყო სიცხე, ყელის ტკივილი, სისუსტე. სითხეები, როგორც ექიმები გვირჩევენ , ლიმონიანი წყალი, სოდიანი სავლები, რინგერი და C ვიტამინები და ა.შ. ჩვენ უკვე ყველაფერი გავიარეთ და თავს კარგად ვგრძნობთ. ჩემი თხოვნაა, დაიცავით დისტანცია, გაიკეთეთ პირბადე, დავუჯეროთ ექიმებს და გავითვალისწინოთ ყველა მათი მითითება და რეკომენდაცია. ძალიან მუხანათი ვირუსია და არავის არაფერს არ პატიობს", - ამბობს გოგი რევია.
ჯანდაცვის სამსახურიდან PCR ტესტის დადებითი პასუხი სამეგრელოს რეგიონში USAID Zrda-თემის მობილიზატორს ლიკა როგავას არ გაკვირვებია. ვირუსი მის დასაც დაუდასტურდა და 12 დღე სახლში მკურნალობდნენ. პერიოდულად, ოჯახის ექიმისგან იღებდნენ ინსტრუქციებს. როგორც ამბობს, სტრესული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვა და იზოლაციის პირობებში დიდი დრო კითხვას და ეზოში საოჯახო საქმეებს დაუთმო. ლიკა და მისი და COVID 19-სგან განიკურნენ.
"დაახლოებით, ორი კვირის წინ ვიგრძენი რომ უჩვეულოდ მტეხდა ძვლებში, გავიზომე ტემპერატურა და აღმოჩნდა 37.3. არ დავპანიკდი, მაგრამ რაღაცნაირად შიშმა ამიტანა, წამლები არ მიმიღია, დაველოდე, რა განვითარება ექნებოდა ამ ტემპერატურას, მივხვდი რომ არ იკლებს ეს სიცხე და პირველი რაც გავაკეთე ეს იყო დავურეკე ჩემს დას. ნათიამ დამამშვიდა და ჩვეულებრივ ის დღე გადავაგორეთ. შემდეგ დავიწყე კონტაქტების გადახედვა, ძალიან შეზღუდული იყო ეს წრე, ჩემს ერთ ახლობელზე შევეჭვდი, რადგანაც სიმტომები რამდენმე დღის წინ მას ქონდა, გადავწყვიტე რომ გამეტესტა თავი, რადგანაც შეიძლებოდა რომ ინფიცირებული ვყოფილყავი. როდესაც დამირეკეს ჯანდაცვის სამსახურიდან და მითხრეს რომ დადებითი ვიყავი, ველოდებოდი თითქოს ამ პასუხს, ორწუთიანი პანიკის შემდეგ ისტერიკული სიცილი დავიწყე, ალბათ ეს ემოციის გამოვლენა იყო. სულ მეშინოდა რომ ჩემი სამსახურიდან გამომდინარე ბევრ ადამიანთან გვიწევს ურთიერთობა, ვინმეს არ გადადებოდა ჩემგან ეს ვირუსი, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე ვმუშაობთ სახლიდან დისტანციურად და შესაბამისად სამსახურეობრივი კონტაქტები იყო ნულის ტოლი. ჩემი კონტაქტი იყო ორი ადამიანი ერთი ჩემი და და მეორე მამაჩემი. ჩემი და დაინფიცირდა მამაჩემი საბედნიეროდ გამოძვრა სიტუაციიდან. იზოლაციის პერიოდი მარტივი ნამდვილად არ იყო, მიუხედავად სისუსტისა, რომელსაც ვგრძნობდით ვცდილობდით ფეხზე ვყოფილიყავით, ვუძალიანდებოდით საკუთარ თავს, ორივე ვმუშაობდით დისტანციურად სახლიდან, ვცდილობდით დრო აქტიურად და საინტერესოდ გაგვეტარებინა. კინომანი არ ვარ და ფილმებისთვის არ მიყურებია, მაგრამ ის წიგნები რომელიც თაროზე იყო შემოდებული ელოდებოდა ჩვენს თავისუფალ დროს, მივხედეთ, კარგად ავითვისეთ ჩვენი ეზო, რადგანაც ექიმები გვირჩევდნენ რომ აქტიურები ვყოფილიყავით ფიზიკურადაც, სულ ნაბიჯ - ნაბიჯ შევისწავლეთ თუ რა ხდებოდა ჩვენს ეზოში და ძალიან საინტერესო ბევრი რამ აღმოვაჩინეთ, თურმე ძალიან ლამაზი ყოფილა ჩვენი ეზო შემოდგომისას, ხილის დაბინავება თუ სხვადასხვა საქმეები, ყველაფერში მივიღეთ მონაწილეობა და საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდი გამოვიდა", - თქვა ლიკა როგავამ.
ზუგდიდელ კოვიდინფიცირებულებს შორისაა სამეგრელო-ზემოს სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა. მანაც, სახლში 12 დღიანი იზოლაციისა და მკურნალობის შემდეგ, ვირუსი დაამარცხა და უკვე ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.
"რადგან ეს ახალი ვირუსია, თავისთავად იყო ემოციური, მქონდა კითხვები, როგორ ვიქნებოდი, თან მქონდა ადრე ფილტვის პრობლემები ორჯერ გადატანილი პნევმონიით, ამიტომაც გარკვეულ რისკ ჯგუფს წარმოვადგენდი, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა საბოლოოდ. ოჯახის ექიმის მითითებების შესაბამისად დავიწყე მკურნალობა, ეს იყო მედიკამენტები, ძირითადად ვიტამინები, ჯანსაღი კვება, შემდეგ დაგვჭირდა ანტიბიოტიკის ჩართვა, მერვე დღეს სიმპტომები მომეხსნა, გაიდლაინის მიხედვით 12 დღე ვიყავი სრულ იზოლაციაში. პარალელურად მიწევდა მუშაობა დისტანციურად, ამიტომაც მიადვილდებოდა იზოლაციაში ყოფნა, იყო რთული რა თქმა უნდა, ბავშვს ვხედავდი ფანჯრიდან და ახლოს ვერ მივდიოდი, რადგანაც ვიცოდი რომ დისტანცია იყო საჭირო მისი ჯანმრთელობისთვისაც, ჩემი ოჯახის არცერთი წევრი არ დაინფიცირებულა, ჩვენ დავიცავით რეკომენდაციები და გვქონდა კარგი შედეგი, პირბადით დავდიოდი სახლის გარეთაც როცა ეზოში ვსეირნობდი, არავისთან ურთერთობა არ მქონია, დისტანცია დაცული იყო. ოჯახის წევრებიც და მეც ვამუშავებდით სახელურებს შესაბამისი ხსნარებით, რომ არ ყოფილიყო გადამდები ვირუსი. აუცილებელია რომ ემოციური ფონი მოიწესრიგონ, არაფრის არ შეეშინდეთ, ოჯახის ექიმს დაუჯერონ, აუცილებლად დაიცვან სხვისი ჯანმრთელობა, კონტაქტის დადგენისთანავე იზოლაციაში წავიდნენ, ვატაროთ პირბადე. როგორც კი მომცეს მედიცინის მუშაკებმა საზოგადოებაში გასვლის უფლება, გამოვედი სამსახურში’’, - გვიყვება პაატა.
ჩვენი რესპონდენტები უკვე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების სტატისტიკაში აღირიცხნენ, თუმცა, სამწუხაროდ, რეგიონში ვირუსის მაჩვენებელი იზრდება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 368 შემთხვევა გამოვლინდა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე საქართველოში კოვიდ-19 89 395 ადამიანს დაუდგინდა.
მასალის გამოყენების პირობები