ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრმა რუსული
სანქცირებული კომპანია „კამაზის“ თვითმცლელი სატვირთო მანქანა შეისყიდა და ამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 64, 350 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორმა“ გამოაქვეყნა.
მათი განმარტებით, ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა ორმა პრეტენდენტმა, შპს „დათომ“ და ფიზიკურმა პირმა ალექსი გელაშვილმა მიიღო. ხელშეკრულება კი ალექსი გელაშვილთან გაფორმდა, რომელმაც უფრო დაბალი ფასი შესთავაზა შემსყიდველს.
„საინტერესოა ხელშეკრულების დეტალები, რომელიც ეჭვს ბადებს, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ს არ სურდა ხელშეკრულებაში თვითმცლელი ავტომანქანის მწარმოებელი ქვეყნის და კომპანიის მითითება.
როგორც წესი, ხელშეკრულების გაფორმებისას, მიმწოდებლის მიერ ხდება მანქანის ფირმისა და მწარმოებელი ქვეყნის მითითება, თუმცა ამ შემთხვევაში ხელშეკრულებაში ეს დეტალები არ იქნა წარმოდგენილი.
დამატებით ინფორმაციას თვითმცლელი მანქანის შესახებ მხოლოდ სახ. შესყიდვის ვებ-გვერდზე ვხდებით, რა დროსაც შესყიდვების სააგენტოს მიერ ვებ-გვერდზე ხდება კლასიფიკატორის გამოქვეყნება – რაც გულისხმობს შესყიდვის საგნის მწარმოებლის და მოდელის მითითებას. რუსეთის ფედერაცია, კომპანია კამაზი, ვკითხულობთ აღნიშნული სახ. შესყიდვის შემთხვევაში“, - წერია ორგანიზაციის კვლევაში.
მათივე ცნობით, ჩხოროწყუს მერიამ 64,350 ლარი 2024 წლის 7 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან სრულად გადარიცხა, სახ. შესყიდვების ვებ-გვერდზე კი ამ დრომდე არ არის ატვირთული მიღება ჩაბარების დოკუმენტაცია. „ფლანგვის დეტექტორში“ ვარაუდობენ, რომ სანქცირებული „კამაზის“ თვითმცლელი მანქანა მუნიციპალიტეტს უკვე ემსახურება.
ორგანიზაციის მკვლევრების განმარტებით, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ს რუსული სანქცირებული „KAMAZ“-ის შესყიდვა სურდა.
ფოტო: ფლანგვის დეტექტორი
მასალის გამოყენების პირობები