საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდს", სავარაუდოდ, ვეტერანი ფეხბურთელი ოთარ
გაბელია გაწვრთნის.
კლუბის ხელმძღვანელის გელა ინალიშვილის განცხადებით,
მასთან კონტრაქტი გაფორმებულია, თუმცა მან დამატებითი
განმარტებებისგან თავი შეიკავა.
"ყველაფერი 25 ივნისს გადაწყდება, მანამდე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია"
- აღნიშნა რადიო
"ათინათთან" საუბარში
ინალიშვილმა.
არსებული ინფორმაციით, ოთარ გაბელიას, კლუბის ხელმძღვანელობასთან
ერთად, ზუგდიდის ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლები
შეხვდნენ.
იგი 1977-1982 და 1985-1989 წლებში თბილისის "დინამოში"
თამაშობდა, სხვადასხვა დროს კი იყო ზუგდიდის "დინამოს, სოხუმის
"დინამოს" და ქუთაისის "ტორპედოს" მეკარე.
თბილისის" დინამოს" შემადგენლობაში მან 1978 წელს საბჭოთა კავშირის
ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 1979 წელს ქვეყნის თასს, ხოლო1981 წელს
თასების მფლობელთა თასს დაეუფლა. 1979 წელს ოთარ გაბელია საბჭოთა
კავშირის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.
ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, წლების მანძილზე მწვრთნელად
საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში მოღვაწეობდა.
მასალის გამოყენების პირობები