ქართველმა ფეხბურთელმა ზურაბ ხიზანიშვილმა საქართველოს ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება ხიზანიშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
როგორც ხიზანიშვილი წერს, ფაქტია, რომ ამ ნაკრებში მისი ადგილი აღარ არის.
"400-მდე მატჩი მაქვს ნათამაშები, საქართველოს, შოტლანდიის, ინგლისისა და თურქეთის უმაღლეს ლიგებში, მაგრამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები 91 მატჩი ჩემთვის ყველაზე უფრო საამაყოა. იყო შენი ქვეყნის წარმომადგენელი, გეცვას შენი ნაკრების მაისური, ნებისმიერი სპორტსმენისთვის ყველაზე დიდი პატივია. არ მინდა ვინმემ ეს გადაწყვეტილება ბრძოლის ველიდან გაქცევად ჩამითვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის. მე მივდივარ ეროვნული ნაკრებიდან, მაგრამ ვრჩები ჩემი ქვეყნისა და ჩემი ნაკრების ერთგულ გულშემატკივრად", - აცხადებს ხიზანიშვილი.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხიზანიშვილი ფინეთთან მატჩში განაცხადში არ შეყვანის გამო უკმაყოფილო იყო. როგორც მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ფინეთთან მატჩის შემდეგ განაცხადა, ხიზანიშვილმა გუნდთან ერთად ავტობუსით არ იმგზავრა.
მასალის გამოყენების პირობები