აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 47 ახალი შემთხვევა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში 215 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 47-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ცნობით, რეგიონის მასშტაბით Covid 19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით, ქალს ორმხრივი პნევმონია და თანხმლები დაავადებები ჰქონდა.
დღეისთვის გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 135 კოვიდ პაციენტი გადის. მათგან 20 მძიმე მდგომარეობაშია. კლინიკიდან 8 ადამიანი გაეწერა. სოხუმის ინფექციურში 36 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.
მობილურ ჰოსპიტალში, რომელიც სასტუმრო "აიტარის" ტერიტორიაზეა მოწყობილი, 66 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის 4349 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 2413 პირი. გარდაცვლილთა რაოდენობა 43-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები