ხობის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ჯერ არ დაწყებულა. მერიის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ინფორმაციით,
ვაქცინის გაკეთების მსურველი 10 ადამიანი ვერ შეგროვდა, რის გამოც 10-დოზიანი ფლაკონი არ გახსნეს. შორენა საბახტარაშვილის თქმით, ამ დროისთვის ვაქცინაციის პროცესში ჩართვის სურვილი 5-6 მედიკოსმა გამოხატა.
„სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულების უმრავლესობამ კორონავირუსი გადაიტანა და ელოდებიან როდის გაივლის გარკვეული პერიოდი, ამის შემდეგ ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროცესში. მუნიციპალიტეტმა ვაქცინის 250 დოზა მიიღო და პროცესი დღეს უნდა დაწყებულიყო“, - ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი შორენა საბახტარაშვილი.
ინფორმაციისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონმა ვაქცინის 3 100 დოზა მიიღო და ხობის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტში ვაქცინის გაკეთების პროცესი მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები