გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 553 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების
187 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, 12 ივლისს, გუდაუთის საავადმყოფოში 65 და 90 წლის, ორი პაციენტი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე აღნიშნულ კოვიდ კლინიკაში 161 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 67-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 44 პაციენტია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 29, გაგრის კლინიკაში - 43, ხოლო ტყვარჩელში - 15.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით Covid-19 სულ 19 219 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 15 890, გარდაიცვალა 269 პირი.
ეპიდვითარების გაუარესების გამო, 12 ივლისიდან, სოხუმმა კულტურული დაწესებულებების საქმიანობა შეაჩერა დროებით.
5 ივლისიდან აფხაზეთში დახურულ სივრცეში აიკრძალა ქორწილების, საზეიმო, სამგლოვიარო და სხვა ტიპის მასობრივი ღონისძიებების ჩატარება და დაიკეტა დახურულ სივრცეში განთავსებული კვების ობიექტები.
მასალის გამოყენების პირობები