“პუტინის კოცნა”, ასე ჰქვია დანიელი რეჟისორის ლისე ბირკ ფედერსენის დოკუმენტურ ფილმს, რომლის ჩვენება შედგება ხვალ, 25 მაისს, 14 საათზე, ზუგდიდში, „ათინათის“ ოფისში.
ფილმზე და მის მნიშვნელობაზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საუბრობს „დილის ჩართვის“ ეთერში, ისტორიკოსი და ლიტერატურათმცოდნე ლაშა ბაქრაძე. სწორედ ის მიიღებს მონაწილეობას ფილმის ჩვენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში. მისი თქმით, ფილმი, რომელიც მოგვითხრობს 2012 წელს რუსეთში „აგენტების“ კანონის მიღების შემდეგ არსებულ სიტუაციაზე, თვალნათლივ უჩვენებს, თუ რა შეიძლება გველოდეს ქართულ რეალობაშიც, პუტინის რუსული გზის არჩევის შემთხვევაში.
„საბჭოთა კავშირიდან როცა მოვდივართ, უნდა ვიცოდეთ, თუ რას გვიქადის თავისუფლებების შეზღუდვა, რა ფასი გვაქვს ჩვენ ამისათვის უკვე გადახდილი და რა ფასი შეიძლება გადავიხადოთ. ფილმი კარგად გვაჩვენებს, როგორ მიდის საზოგადოება ავტორიტარიზმამდე და შეიძლება რუსულ რეჟიმს ტოტალიტარულიც კი ვუწოდოთ, რადგან, აღარანაირი თავისუფლება იქ არ დარჩა“, - გვითხრა ლაშა ბაქრაძემ.
ღონისძიება იმართება პროექტის "ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე: DemDoc ახალგაზრდებისთვის”, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი (MDF) The WHY Foundation-თან (TWF) პარტნიორობითა და The New Democracy Fund (NDF)-ის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდების ჩართულობას ქვეყნის დემოკრატიულ, სოციალურ - ეკონომიკურ და მდგრადი განვითარების პროცესებში.
მასალის გამოყენების პირობები