სოხუმში 4 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტებმა აფხაზეთის სახალხო კრების შენობასთან კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეები ანტიკორუფციული და "საშემოსავლო დეკლარაციების" შესახებ კანონების
დაუყოვნებლივ მიღებას ითხოვდნენ.
სიტუაცია აფხაზეთში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაიძაბა. ოპოზიციური ძალები ხელისუფლებას კორუფიციასა და უკანონო ქმედებებში ადანაშაულებენ.
- ჩვენ უკვე დიდი ხანია ჩაფლულები ვართ კორუფციაში, 25 წლის განმავლობაში არანაირი გამონათება არ ყოფილა, თაობები იცვლება და კარიერული ზრდის არავითარი საშუალება არ არსებობს.
- ყველაფერი ნაცნობობით კეთდება, კლანური ჯგუფები ცვლიან ერთმანეთს, და შედეგად, ვღებულობთ იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს ნორმალური და სტაბილური სახელმწიფო.
- 25 წელი დავკარგეთ და კიდევ 25 წელი ნამდვილად არ გვაქვს, მეტიც, ერთი წელიც არ გვაქვს დასაკარგი ... ეს ბოლო შანსია. კორუფციამ შემაშფოთებელი მასშტაბები მიიღო", - ამბობენ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები.
ისინი უვადო აქციის ჩატარებას აანონსებდნენ, თუმცა, ორ დღეში, მას შემდეგ, რაც სახალხო კრებამ კანონპროექტის განხილვა დაიწყო, კარვები აიღეს.
პარლამენტში "საშემოსავლო დეკლარაციების" შესახებ კანონპროექტის განხილვას დისკუსია მოჰყვა, დეპუტატების ნაწილი დეკლარანტების წრის გაფართოებას მოითხოვდა.
"აქვე მინდა შესწორება შევიტანო, აქ ჩვენ ვწერთ, რომ დეკლარანტები ოჯახის წევრები არიან, აქ იგულისხმება ახლო ნათესავები, ცოლი - ქმარი და შვილები აი, ამ კანონს თუ მივიღებთ, მოდით ეს წრე გავაფართოვოთ, თუკი პირი ფლობს გარკვეულ ქონებას, და არ გააფორმებს მას ცოლზე, ქმარსა და შვილებზე, მაშინ შეუძლია გადააფორმოს", - განაცხადა ერთ - ერთმა დეპუტატმა.
თუმცა კანონი მიიღეს, მაგრამ იმ პირობით, რომ ის ძალაში მხოლოდ 2020 წლის დეკემბერში შევა. იურისტების ნაწილმა ჩათვალა, რომ "საშემოსავლო დეკლარაციების" შესახებ კანონი, მხოლოდ "საჯარო სამსახურის შესახებ კანონის" მიღების შემდეგ უნდა ამოქმედდეს. აქტივისტის ასტამურ კაკალიას თქმით, მიღებული კანონის ძალაში შესვლის გადავადება სრულიად უსაფუძვლოა, რადგან ის დამოუკიდებელი კანონია და არანაირად არ არის მიბმული "საჯარო მოხელის შესახებ კანონთან":
"ეს უბრალოდ მიზეზია, რადგან ეს აბსოლუტურად დამოუკიდებელი კანონია და ის ძალაში ახლავე, არჩევნებამდე უნდა შევიდეს, რადგან ხელისუფლებაში ისევ არ მოვიდნენ მინისტრები, რომლებიც თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციებს არ შეავსებენ", - აღნიშნა მან.
აქტივისტები, რომლებიც ანტიკორუფციული კანონის მიღებას მოითხოვდნენ პარლამენტის სესიის დასრულების შემდეგ დაიშალნენ. აქციის ერთ- ერთი ორგანიზატორის ჯანსუღ ადლეიბას თქმით, საინიციატივო ჯგუფი მომავალში "საჯარო მოხელის შესახებ" დამტკიცების და ანტიკორუფციული კანონის ძალაში შესვლის პროცესსაც დააკვირდება.
მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები