მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში დღითი დღე იზრდება კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხე, აფხაზეთის მოქალაქეებს უჩინარი დაავადება, როგორ ჩანს,
არც თუ ისე აშინებთ. სოხუმის ქუჩებში, ისევე როგორც ყოველთვის საკურორტო სეზონამდე, ხალხმრავლობა არ შეიმჩნევა, თუმცა, გამვლელების ნაწილი, სიფრთხილეს მაინც იჩენს და ერთჯერადი პირბადეებით გამოდის.
აი, რას ფიქრობენ სოხუმელები ახალ ვირუსზე:
"აი, გაჩნდა სადღაც, შემდეგ სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიაში გადავიდა. ალბათ მთელს მსოფლიოს მოედება. რაღაც ვირუსია, მაგრამ, რა არის, არ ვიცი ..."
"ადამიანები პირბადეებს ატარებენ, მაგრამ, ვფიქრობ, ფაქტობრივად, ეს არ არის საკმარისი. იმიტომ რომ, აი, როგორც იტყვიან, აქ ან რესპირატორები უნდა ატარო, ან აირწინაღი. ჩვეულებრივი ნიღბით, თავს თუ დაიმშვიდებ".
"ჩვენ ეს არ გვემუქრება. მე ჰიგიენის ყველა წესს ვიცავ, თავშეყრის ადგილებში არ დავდივარ. არსად ვმგზავრობ".
"ვუსმენ, რასაც ტელევიზიით ამბობენ, თუმცა, რა არის ეს, არავინ იცის ზუსტად! აქ ვინც ჩამოდის, იმ ადამიანებს მე არ ვიცნობ, ჩვენ მათ არ ვეკონტაქეტებით".
"კი, მესმის ხოლმე! ზოგჯერ, ძალიან მეშინია, თუმცა გულთან ახლოს არ მიმაქვს მაინცდამაინც! მგონი, ჩვენთან მსგავსი არაფერია. ვფიქრობ, ჯერჯერობთ, ჩვენ უსაფრთხოდ ვართ".
როგორც ცნობილია, საქართველოში უკვე დადასტურდა ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა და თებერვლის ბოლოს ჩაიკეტა საზღვარი ენგურის ხიდზე.
გალის რაიონის მცხოვრებლები შეშფოთებულები არიან ამ ფაქტით, რადგან, მათი დიდი ნაწილი სწორედ ზუგდიდში გადადის ხოლმე პერიოდულად და ისინი შიშობენ, რომ მათ კარანტინის დასრულებამდე მოუწევთ საქართველოში დარჩენა.
ამ ეტაპზე მოძრაობა შეზღუდულია ფსოუს საზღვარზეც. აფხაზეთში არ უშვებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, გამონაკლისს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოადგენენ. ეს შეზღუდვები 7 აპრილამდე გაგრძელდება. უახლოეს პერიოდში საზღვარზე დისტანციურ თერმომეტრს განათავსებენ. მანამდე, ჯანდაცვის სამინისტრომ სამკურნალო - პროფილაქტიკურ დაწესებულებებში მკაცრი საკარანტინო ზომები დააწესა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამედიცინო ნიღბების, ბინტის, ბახილების დიდი დეფიციტია. უწყების ცნობით, სოხუმს ამ ყველაფრით ამარაგებდა რუსეთი, რომელმაც სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი დროებით აკრძალა.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ახი აჯბას განცხადებით, მათ ჯერ კიდევ ერთი კვირის მიმართეს რუს კოლეგებს დახმარებისთვის.
3 მარტიდან რესპუბლიკაში 24 საათიანი ცხელი ხაზი მუშაობს, რომელიც მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციას აწვდის.
"სოხუმის საავადმყოფოს ბაზაზე ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომელიც მოქალაქეებს ახალი ვირუსის პროფილაქტიკის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, თუკი მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ. რა თქმა უნდა იყო, უკვე ბევრი ზარი შემოვიდა, მოქალაქეებს ბევრი კითხვა აქვთ, მათ აინტერესებთ, რა უნდა გააკეთონ, ვის უნდა მიმართონ, არის თუ არა დაინფიცირების შემთხვევები? გვაქვს თუ არა ტესტ - სისტემები? როგორ უნდა იმკურნალონ დაინფიცირების შემთხვევაში!"- ამბობს კამილა ხურხუმალი.
აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა განკარგულებას, კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის უწყებათაშორისი ოპერატიული შტაბის შექმნის შესახებ. განკარგულების თანახმად, ფინანსთა სამინისტრომ უნდა მოიძიოს თანხები შტაბის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების გასატარებლად.
ამავე გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში სამედიცინო დაწესებულებებში უნდა მოეწყოს სპეციალიზირებული განყოფილებები ვირუსის სიმპტომების მქონე პაციენტების სამკურნალოდ. როდის დაიწყება ამ გეგმების განხორციელება, უწყებას ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია.
მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები