ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგნელებმა კორონოვირუსის პრევენციის მიზნით, აფხაზეთში 600 ლიტრი ანტისეპტიკური სითხე,
500 ლიტრი ანტიბაქტერიული საპონი და 500 კომპლექტი პერსონალური მოვლის საშუალება ჩაიტანეს.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ამ დროისათვის კორონოვირუსით დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რესპუბლიკაში უკვე შეიქმნა დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი. აიკრძალა მასობრივი და კულტურული ღონისძიებები, 30 მარტამდე გაგრძელდა სასკოლო არდადეგები, უახლოეს დღეებში კი ფსოუს სანიტარულ - საკარანტინო პუნქტზე, აფხაზეთ - რუსეთის საზღვარზე, დისტანციური თერმომეტრი განთავსდება. თებერვლის ბოლოდან ჩაკეტილია საქართველოსთან საზღვარიც.
რესპუბლიკის სანიტარულ - ეპიდემიოლოგიური სამსახურის მედპერსონალი მოამარაგეს დაცვის სპეციალური საშუალებებით და მედიკამენტებით. მათ შორის, სპეციალური ფილტრის მქონე ნიღბებით, სამედიცინო კომბინეზონებით, ერთჯერადი ზეწრებით, ხელთათმანებით და ბახილებით. ეს ყველაფერი გადაეცემა რესპუბლიკურ ტუბდისპანსერს, სადაც იგეგმება კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები მკურნალობა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტუბდისპანსერს 60 - მდე ადამიანის მიღება შეუძლია. აქვე არის ინტენსიური თერაპიის რამდენიმე პალატა.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გულრიფშის ტუბდისპანსერი დროებით იქცევა კორონავირუსით ინფიცირებულთა მიმღებად, მოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროში რეკავენ ტესტირების ჩატარების თხოვნით.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ალისა არძინბამ მოსახლეობას მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და განუმარტა, რომ კორონავირუსზე დიაგნოსტირებას გაივლიან მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც COVID – 19 – ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოვლინდებაო.
„ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს, რომ ასეთ კვლევას ისე უბრალოდ, ვერ ჩავატარებთ. პირველი პუნქტი, რომელსაც მოქალაქეებმა უნდა მიმართონ, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არსებული სტაციონარი ან ამბულატორიაა. იმ შემთხვევაში, თუ მათ პნევმონიის ატიპური ფორმა აღენიშნებათ, მათ გადაიყვანენ სამედიცინო დაწესებულებებში“, - თქვა არძინბამ.
სამინისტროს ცნობით, კორონოვირუსზე პაციენტების დიაგნოსტირება აფხაზეთში 21 მარტს დაიწყებენ.
გარდა ამისა, აფხაზეთში ფიქრობენ, რომ ინფექციის გავრცელების გამო, წელს დიდი ზარალი მიადგება ტურიზმის სექტორს. ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენლის ადამურ მუკბას ინფორმაციით, ჯერჯერობით სასტუმროების ჯავშანი ტურისტების მხოლოდ 2% - მა გააუქმა, და იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიამ გაზაფხულზე უკან დაიხია, არსებობს შანსი, რომ ზაფხულის სეზონი არ ჩავარდეს.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განცხადებით, აფხაზური კურორტების მომავალი, მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული.
„მოსკოვი დაიკეტა, მოსკოვის ოლქი დაიკეტა და ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ხალხს ავარიდოთ ეს დაავადება. თუ საჭირო იქნა, რა თქმა უნდა, დავხურავთ ტურისტულ ობიექტებს. დიახ, ეს ჩვენი მოქალაქეების მთავარი შემოსავალია, მაგრამ, ჩვენი მთავარი ამოცანაა მოქალაქეების ჯანრთელობის შენარჩუნება“, - განაცხადა მან.
კვირას 22 მარტს აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული. სანიტარულ - ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა საარჩევნო კომისიას მიმართა რეკომენდაციით, არჩვენების დღეს მინიმუმამდე დაიყვანოს ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკი.
მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები