აფხაზეთში ისევ აქტუალურია დებატები ნავთობის შესაძლო მოპოვების გარშემო, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ცოტა ხნით მიწყნარდა. თუმცა, ამ დრომდე უცნობია კომპანია "აფსნი ოილის"
ბენეფიციარები, რომელზეც მთავრობამ გეოდაზვერვითი სამუშაოების ჩატარებასა და ოჩამჩირის, ტყვარჩელის და გალის რაიონებში ნაშირწყალბადის რესურსების მოპოვებაზე ლიცენზია გასცა.
პრეზიდენტის რანგში თავის პირველ კონფერენციაზე ასლან ბჟანია, ამასთან დაკავშირებით, მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ საქმის დეტალებში ჯერ არ არის გარკვეული. იგივე განუცხადა მან სააგენტო "ინტერფაქსსაც":
"ამ საკითხებში დიდი სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ, როგორც მესმის, არსებობს ასეთი ტერმინები - მოძიებული და დადასტურებული მარაგები. ეს შესაბამისი პროექტია, რომლის თანახმად, სამუშაოები ჩატარდა, ამა და ამ სიღრმეზე, არის გარკვეული რაოდენობის ნავთობი, გარკვეული ხარისხის, არსებობს რაღაც ჭაბურღილი, რომელიც უნდა გაიბურღოს, თუმცა, ჯერჯერობით ესეთი არაფერი ხდება. მიმდინარეობს გეოდაზვერვითი სამუშაოები. რაც შეეხება ოჩამჩირის, ტყვარჩელის და გალი რაიონებს, თუ სახმელეთო მონაკვეთზე ვისაუბრებთ, ასეთივე სამუშაოები მიმდინარეობდა შელფზე. მაგრამ, დადასტურებული მარაგების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი“, - ამბობს ის.
ამავე დროს, ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ თუკი აფხაზეთში არსებობს ნავთობის მარაგები და ეს ეკონომიკურად მომგებიანი შეიძლება გახდეს რესპუბლიკისთვის, მისი მოპოვება, ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და ეკოლოგიური ნორმების დაცვით, შესაძლებელია. თუმცა, მისი მოპოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ პროექტი ხალხის მხარდაჭერას მიიღებს.
საკითხს აფხაზეთში მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომლებიც აპროტესტებენ გეოდაზვერვით სამუშაოებზე ლიცენზიის გაცემას. 2019 წელს, მათ წამოიწყეს საზოგადოებრივი კამპანია – "ჩვენ არ გვკითხეს", მასში ჩაერთვნენ ცნობილი აფხაზი ჟურნალისტები, უფლებადაცმველები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. მათ ნავთობის მოპოვების მიზანშეწონილობის საკუთარი ანალიზი წარმოადგინეს. კამპანიის მონაწილეები თვლიან, რომ ნავთობის მოპოვების საკითხი და რუსულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების დეტალები ფართო განხილვის საგანი უნდა გახდეს, მათ შორის, სპეციალური რეფერენდუმის ჩატარებასაც არ გამორიცხავენ.
"არსად მსოფლიოში, არცერთ ნავთომომპოვებელ კომპანიას არასოდეს მიუღწევია ამ პროცესის 100 % - იანი უსაფრთხოებისთვის და თუ დიდ ქვეყნებში ადამიანებს შეუძლიათ თავს უფლება მისცენ და ეს აკეთონ, რადგან მათ არ უწევთ ყველაფრით გარისკვა, ამ შემთხვევაში, აფხაზეთის შემთხვევაში, ჩვენი კურორტების მიბმა ნავთობის პლატფორმაზე, ძალიან სახიფათოა, უკიდურესად სახიფათო ნაბიჯი იქნებოდა და თუ ღმერთმა ნუ ქნას და მოპოვების დაწყების შემთხვევაში, რამე მოხდა და ეს შეიძლება მოხდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აქ ყველაზე თანამედროვე და მოწინავე ტექნოლოგიებს გამოიყენებენ, რაც ასევე საკითხავია, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია შევიდეს ინტერნეტში და ნახოს როგორ იღვრება ნავთობი ზღვაში, თუნდაც იგივე რუსეთის ფედერაციაში", - ამბობს ერთ ერთი აქტივისტი ალხას თხაგუშევი.
მისი თქმით, იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც ნავთომომპოვებელ რეგიონებში ჩნდება, აფხაზეთს ამ პროცესის დაწყების შემთხვევაში, კარგი არაფერი ელოდება.
გასულ წელს საკითხმა განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი რეზონანსი შეიძინა, მაშინ სპეციალური საპარლამენტო კომისიაც კი შეიქმნა, რომელსაც უნდა შეესწავლა ნავთობის მოპოვების პერსპექტივები და მიზანშეწონილობა, თუმცა, კომისიის დასკვნები დღემდე არსად გამოქვეყნებულა.
აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს მთავარი სპეციალისტის ბადრი გალდავას თქმით, ნავთობს აფხაზეთში საბჭოთა პერიოდიდან ეძებენ. გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან სოხუმსა და გაგრას შორის მონაკვეთზე არსებული შელფები დაზვერეს, თუმცა სხვადასხვა მიზეზით ეს სამუშაოები შეჩერდა.
"რაც შეეხება შელფს, გუდაუთის შელფზე 100 მეტრი არის სიღრმე, სეისმური ძებნა იქნა ჩატარებულია სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის დროს ჩატარდა ძებნა - ძიება. სეისმური დაზვერვა, გეოფიზიკური მეთოდით, აღმოჩნდა რაღაც დიდი აუზი, დაბალი კუთრი წონის, ამით საზღვრავენ... ხმელეთზეც ჩატარდა ეს ძიება, აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ სადაც გაბურღეს, ცხელი წყალი ამოვიდა... თერმული წყალი...იგივე, ზუსტად ერთნაირი კუთრი წონა აქვს ორივეს, თერმულ წყალს და ნავთობს, ახლაც არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ გაბურღავენ და ცხელი წყალი არ ამოვა...", - ამბობს ბადრი გალდავა,
მისი თქმით, შანსები 50/50-ზეა, ამისთვის კი ეკოლოგიისთვის რისკის შემცველი და ძვირადღირებული სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრები-საქართველოს თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის თქმით, დიდი ხანია ეძებენ ნავთობს შავი ზღვის სანაპიროზე, მაგრამ რამდენად რენტაბელური იქნება და რამდენად რაოდენობრივად ბევრი, ჯერჯერობით, არავინ არ იცის. მისი განმარტებით, საკმაოდ პატარა შელფია შავი ზღვის სანაპიროზე. გარდა ამისა, არსებობს ზღვის ეკოსისტემის დაზიანების საშიშროებაც.
"... შავი ზღვაში საკმაოდ ჩამოყალიბებული ეკოსისტემაა. მას გააჩნია ისეთი ფაქტორი, როგორიც არის გოგირდწყალბადი. ნებისმიერი ხელის შეხება არის კატასტროფის ტოლფასი, იმიტომ,რომ იქ ახლა შედარებით, წონასწორობაშია ყველაფერი, მაგრამ, ნებისმიერმა ჩარევამ შეიძლება გამოიწვიოს გოგირდწყალბადის ამოსვლა ზედაპირზე...", - ამბობს ეკოლოგი.
ნინო ჩხობაძემ შავ ზღვასთან დაკავშირებით, ისეთ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა გამდინარე წყლები, რაც, თავისთავად იწვევს წყლის დაბინძურებას და ინერტული მასალების მოპოვებაზე.
"...პრობლემა გვაქვს განაშენიანების გამო. იმიტომ, რომ ვკარგავთ ნაპირებს, რადგან რაღაც მშენებლობები მიდის იმ ზოლში, სადაც არ შეიძლება მიდიოდეს, იმიტომ, რომ ინერტული მასალების ამოღება, არის კატასტროფულად არა რეკომენდირებული ზღვის სანაპიროზე, დაახლოებით 30 კმ - იანი რადიუსი უნდა იყოს... სხვა შემთხვევაში, ჩვენ ზღვა უფრო შემოგვიტევს, იმიტომ, რომ, თქვენ იცით, რომ კოლხეთის დაბლობი არის ზღვის დონის ქვემოთ და დღევანდელი კლიმატის ცვლილების ფონზე, როდესაც ზღვის დონემ შეიძლება მოიმატოს, ეს მით უფრო შემაშფოთებელია...", - მიიჩნევს ნინო ჩხობაძე.
მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები