კორონავირუსის პანდემიის გამო თითქმის ყველაფერი გაჩერდა, - ასე აფასებს ადგილობრივი მეფუტკრეობის ბაზარზე არსებულ სიტუაციას კომპანია "აბხაზ მიოდის" დირექტორი დაურ ტუღუში.
მისი თქმით, კრიზისი ამ სფეროში დიდი ხანია არსებობს, თუმცა პანდემიამ მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. აფხაზური თაფლის გასაღების ძირითადი ბაზარი რუსეთი იყო, თუმცა, ბოლო პერიოდში ექსპორტზე დაწესებული სანქციების გამო (მოსკოვმა გაამკაცრა ხარისხის კონტროლი და თაფლის იმპორტიორებისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადიც გაიზარდა), პროდუქციაზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ის გაჯერებულია ფალსიფიცირებული თაფლით, რომლის გასაღებასაც არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები ცდილობენ, მისი ფასი უფრო დაბალია და შესაბამისად, მაღალი ხარისხის თაფლს მოსახლეობა და ტურისტები ნაკლებად ყიდულობენ.
დაურ ტუღუში თვლის, რომ აუცილებელია თაფლის ხარისხის კონტროლის გამკაცრება, საჭირო აღჭურვილობის დეფიციტი კი ამის საშუალებას არ იძლევა. მიუხედავად ამისა, ის მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი და არ გამორიცხავს პროდუქციის გასაღების ალტერნატიული ბაზრის ახლო აღმოსავლეთში მოძიების პერსპექტივას.
"არსებობს გარკვეული წინაპირობა, ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, გვაქვს მოლაპარაკებები და რუსული მხარის ხელშეწყობით, ხელშეკრულება დავდეთ იორდანიასთან... 100 პროცენტით არ ვარ დარწმუნებული, რომ გამოვა, ჯერჯერობით განვიხილავთ მხოლოდ შესაძლებლობებს, ხალხი დაინტერესებულია და თუ იქ გამოგვივიდა რამე, მაშინ ნამდვილად დაიძვრება ადგილიდან... გარდა ამისა, რუსეთში არიან ადამიანები, რომლებიც გვეხმარებიან და სურთ ჩვენი პროდუქციის,როგორც აფხაზური, ბრენდული თაფლის, პოპულარიზაცია რუსეთის ტერიტორიაზე", - ამბობს "აფხაზ მიოდის" დირექტორი.
მეფუტკრე დემურ გოგია, თაფლის გასაღების პრობლემებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მეფუტკრეები ერთდროულად საკუთარი პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე გასაღებას და ექსპორტზე გატანასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ, ისინი ამ მიმართულებით დახმარებას და ხელშეწყობას ითხოვენ.
"პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ამოცანაა თაფლის შეგროვება და არა გატანა. ერთდროულად ეს არ გამოგვდის. პირველ რიგში, თაფლის რეალიზება შიდა ბაზარზე უნდა მოხდეს, თუმცა აქაც არის პრობლემები. აი, არსებობს "აბხაზ მიოდი", მისმა დირექტორმა გააკეთა ეს ხაზი და გაჰქონდა ჩვენი თაფლი ძირითადად, მაგრამ, ახლა გართულდა. როგორც ის გვიხსნის, ხელშეკრულებები არ იდება ბოლო დროს, გატანაც რთულია, არ არიან მყიდველები, კრიზისია, ერთი სიტყვით", - განმარტავს გოგია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეფუტკრეობის დარგის წარმომადგენლის ედუარდ ბარგანჯიას თქმით, მდგომარეობა არ შეიცვლება, სანამ აფხაზეთში თაფლის ხარისხზე მკაცრი კონტროლი არ დაწესდება.
"ჩვენ არ გვაქვს ლაბორატორია, სადაც თაფლის ხარისხს და წარმოშობას შეამოწმებენ. იცით, რომ რამდენიმე სახეობის თაფლი გვაქვს და მათი ხარისხის დასადგენად, ლაბორატორია გვჭირდება, მთავრობა ფიქრობს იმაზე, რომ შეიძინოს შესაბამისი აღჭურვილობა, იმისათვის, რომ რესპუბლიკიდან გატანილ თაფლს შემდეგ პრობლემა არ შეექმნას", - ამბობს ბარგანჯია.
აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო - პალატის თავმჯდომარე თამარ მირცხულავა თვლის, რომ აუცილებელია, მთავრობამ ხელის შეუწყოს ადგილობრივ მეწარმეებს, ხოლო პალატა, თავის მხრივ, ცდილობს საერთაშორისო გამოფენებზე წარმოადგინოს აფხაზური თაფლი და მოიზიდოს პოტენციური მყიდველები.
"ერთ - ერთ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის შემდეგ, სადაც აფხაზური პროდუქცია წარმოვადგინეთ, პოტენციური მყიდველები გამოჩდნენ, ერთ - ერთი არაბული ქვეყნიდან. უკვე რამდენიმე თვეა ვაწარმოებთ მათთან მოლაპარაკებას, კონტრაქტიც გავაფორმეთ, ჩვენ ხელს ვუწყობთ "აბხაზ მიოდს", რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაზე არსებობს, რომ ამ ეტაპზე, აფხაზური თაფლის პირველი საცდელი პარტია, გავგზავნოთ, ტესტირებისთვის", - ამბობს მირცხულავა.
ექსპერტების შეფასებით, ამ ეტაპზე აფხაზეთში ხუთასზე მეტი ადამიანია დაკავებული მეფუტკრეობით და ყოველწლიურად, დაახლოებით, 300 - დან 500 ტონამდე თაფლი იწარმოება, თუმცა, დღესდღეობით, ასობით ტონა დაგროვილი თაფლის რეალიზება ვერ ხერხდება.
პანდემიის გამო მკვეთრად შემცირდა სამეგრელოში წარმოებული თაფლის რეალიზაციაც, განსაკუთრებით ტურისტულ ადგილებში. USAID - ის ექსპერტის ზაზა ღურწკაიას თქმით, თუკი მანამდე, მაგალითისთვის, სვანეთში, სასტუმროსთან არსებულ ობიექტში დღეში დაახლოებით 20 ლიტრი თაფლი იყიდებოდა, ახლა 1 – 1.5 ლიტრი თუ იყიდება. შესაბამისად, თაფლის საკმაოდ დიდი მარაგი დაგროვდა.
"ერთი პრობლემა ის არის, რომ თაფლი კრისტალიზდება ამ დროის განმავლობაში, ის კი 10 ლიტრიან კონტეინერებში ინახება და მერე ჩნდება მისი დეკრისტალიზაციის პრობლემა. ახლა კი უკვე ახალი მოსავალიც დაემატება, ამასთან დაკავშირებით იქმნება გარკვეული სირთულეები დამატებით", - ამბობს სპეციალისტი.
მისი თქმით, საქართველოში ადგილობრივი ბაზარი უნდა გააქტიურდეს, უნდა ამაღლდეს თაფლის მოხმარების კულტურა, იმისთვის, რომ თაფლის და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტებს მეტი რეგულარული მომხმარებელი ჰყავდეს.
მეფუტკრეთა ასოციაციის ხელმძღვანელის თემურ ღოღობერიძის თქმით, ქართული თაფლის ექსპორტს რაც შეეხება, პრობლემები პანდემიამდეც იყო, რადგან საქართველოში წარმოებული თაფლი ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს ევროპული ბაზრის სტანდარტებს, უპირველეს ყოვლისა რაოდენობრივი, ასევე ერთგვაროვნების თვალსაზრისით.
"არავის არ უნდა 1 და 2 და გნებავთ, 10 ტონა თაფლი და უნდათ 20 ტონა და ყოველ კვირას რომ აწოდებდეთ, ან თვეში ერთხელ მაინც... კი არის, როგორც ასეთი, მოთხოვნა, მაგრამ საქმე ის არის, რომ მსოფლიო ბაზარი გაჯერებულია თაფლით და ბევრგან ძალიან მცირე არის ფასი. ჩვენს გაგებაში მცირე არის ფასი და ამიტომ, მაქსიმუმი მსოფლიო ბაზარზე არის 2, - 2,5 დოლარი და ასეთი დაბალი ფასი ჩვენს მეფუტკრეებს არ აწყობთ", - ამბობს თემურ ღოღობერიძე.
მისი თქმით, პანდემიის პირობებში მოცემულ სიტუაციას უნდა მოვერგოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მეწარმეები მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების წარმოებაზე უნდა გადავიდნენ და "ადგილობრივ ბაზარს უნდა მიხედონ".
"ადგილობრივი ბაზარი არის ძალიან სტაბილური. ზოგიერთი პროდუქცია არის მოთხოვნადი და ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივი ბაზარი ამ მოთხოვნას, ვთქვათ ფუტკრის რძეზე, ყვავილის მტვერზე და ჩვენს მეფუტკრეებს არაფრით არ უნდა იმაზე გადასვლა, იმიტომ, რომ დამატებითი დანახარჯები უნდა, მოწყობლობა უნდა შეიძინოს, ახალი არ გვინდა ვისწავლოთ", - განმარტავს ასოციაციის ხელმძღვანელი.
ის მიიჩნევს, რომ გამოსავალი არის ერთი - შრომის ნაყოფიერების გაზრდა და უფრო მეტი პროდუქტის წარმოება ნაკლები დანახარჯებით.
ზუგდიდელი მეფუტკრე, კოოპერატივი "ნექტარი 2016"-ის წევრი თინათინ ბულია ყვება, რომ პანდემიის გამო ღალიანობის პერიოდში ფუტკრის გაყვანა დააგვიანდათ, თუმცა, მას შემდეგ, რაც მთავრობამ მეწარმეებზე სპეციალური საშვები გასცა, ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდა და მუშაობაც განაგრძეს. ის ერთ - ერთია რეგიონის იმ მეფუტკრეებს შორის, ვინც თაფლის გარდა სხვა პროდუქტის წარმოებაც დაიწყო. კოოპერატივში გამოჰყავთ ფუტკრის დედები, გარდა ამისა, აწარმოებენ ფუტკრის რძეს და დარგის სპეციალისტების მიერ დანერგილ ინოვაციას - ფუტკრის საკვებს, რომელსაც წელიწადის ნებისმიერ დროს იყენებენ ფუტკრებისთვის, განსაკუთრებით ღალიანობის პერიოდში, ზამთრის მარაგის შესავსებად. მეფუტკრის განმარტებით თავიდან არც ამ პროდუქტებზე იყო მაღალი მოთხოვნა, თუმცა, რამდენიმე წელიწადში მომხმარებლის ცნობადობა გაიზარდა და დღეს მყიდველების რაოდენობას არ უჩივიან.
"რომ ვიმუშავეთ მარტო თაფლზე, რაოდენობაც ძაან ბევრი მივიღეთ, მაგრამ მომხმარებელიც არ გვყავდა იმდენი. ვარჩიეთ რომ სხვა პროდუქტებზეც გვემუშავა და დავიწყეთ ფუტკრის რძეზე მუშაობა. რძეზეც არ იყო ხალხი ჩამოყალიბებული, მოხმარების წესი არ იცოდნენ, შედეგები არ იცოდნენ და ბოლო 3-4 წელია, რომ თითქმის შეისწავლა ხალხმა და შედეგებიც და მომხმარებლებიც გვყავს, კი არა ზამთარში მარაგით ვერ შევდივართ, იმდენად გვიმთავრდება", - ამბობს მეწარმე.
თინათინ ბულია მიიჩნევს, რომ ბარაქიანი წელი გამოდგა და კმაყოფილია აკაციის სეზონით. ბოლო დროს ფუტკარი სვანეთში აჰყავთ.
"კილოგრამი - 10 ლარია, ახლა ჩვენთან ასე არაა, რომ მაისის თაფლი უფრო ძვირია და ნაკლები არა, ყველა თაფლის ფასი არის ერთნაირი, კილოგრამი - 10 ლარი. ლიტრში ვახდევინებთ 15 ლარს. მე არ მომკლებია მომხმარებელი, პირიქით არ გამჭირვებია და შეკვეთებიც იმდენი მქონდა მაისისთვის, ფიჭიანიც და გაწურული თაფლიც, რომ დამეკმაყოფილებინა ჩემი მომხმარებელი. ახლა სვანეთის თაფლსაც ჩამოვიტან", - ამბობს მეფუტკრე.
USAID ზრდას მხარდაჭერით, სასაქონლო ნიშანიც მიიღეს და სერტიფიკატიც აქვთ, თუმცა, ხარჯებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ამ ეტაპზე საქონლის შტრიხდკოდის დამზადებას და სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის გატანას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. ისევ მეგობრებისა და ნაცნობების დახმარებით ცდილობენ პროდუქციის გასაღებას, სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში.
მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები