კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებით, აფხაზეთში Covid19-ით ინფიცირების შემთხვევებმა 3100-ს გადააჭარბა.
დაავადებამ 32-ე პაციენტის სიცოცხლეც შეიწირა. არსებული ეპიდვითარების გამო, ხელისუფლება იძულებული იყო, რომ ახალი საწოლების მობილიზებაზე ეზრუნა. 19 ოქტომბერს სოხუმში სტავროპოლიდან სამხედრო მობილური ჰოსპიტალი ჩავიდა, რომელიც აფხაზ მედიკოსებს კორონავირუსთან ბრძოლაში გაუწევს დახმარებას. სამხედრო ჰოსპიტალის უფროსის აბდულ მაგომედოვის განცხადებით, ისინი 150-მდე პაციენტის მიღებას შეძლებენ.
"მობილური ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, პირად შემადგენლობას გავლილი აქვს შესაბამისი წვრთნები და არა ერთხელ გაუწევია დახმარება მოსახლეობისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში", - აღნიშნა მაგომედოვმა.
მისივე თქმით, ჰოსპიტალი სოხუმში სასტუმრო "აიტარის" ტერიტორიაზეა განთავსებული და პირველი პაციენტის მიღებას 20 ოქტომბერს შეძლებს.
ჯანდაცვის მინისტრის თამაზ ცახნაკიას განმარტებით, ჰოსპიტალში 12 საწოლი რეანიმაციული იქნება, ხოლო 25 ჟანგბადის მიწოდების აპარატით აღჭურვილი. მინისტრმა აღნიშნა, რომ გუდაუთის საავადმყოფოში ამ ეტაპზე 176 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 23 მძიმე მდგომარეობაშია.
"დღეს პრემიერთან გვქონდა სამუშაო თათბირი, სადაც შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი, რომ მკაფიოდ განვსაზღვროთ ჩვენი პაციენტების მარშრუტიზაცია. ასევე გამოყოფილია პასუხისმგებელი პირები, ტელეფონები, რომლებზეც ადამიანებს შეუძლიათ დარეკვა, მათ შორის, ცხელი ხაზის მეშვეობით. შესაბამისად სხვა სამედიცინო დაწესებულებებში, რომ ექიმები მუდმივ ურთიერთქმედებაში იყვნენ მათთან", - განაცხადა ცახნაკიამ.
გუდაუთის საავადმყოფოში პაციენტების ნაკადის შესამცირებლად, ერთ - ერთი კერძო სასტუმროს ბაზაზე, დღის ცენტრი შეიქმნა.
"შევქმენით დღის სტაციონარი, მათთვის, ვისაც მსუბუქი მიმდინარეობა აქვს და ან საშუალო სიმძიმის სიმპტომები ეწყება, ეს უკვე ამსუბუქებს ჩვენი კოვიდ ცენტრის მუშაობას, იქ ნაკადის შემცირებას ვახერხებთ, იქ ორ ცვლაში უწევთ მუშაობა", - ამბობს გუდაუთის საავადმყოფოს მთავარი ექიმის ინგა ჩანბა.
მისი თქმით, მობილური ჰოსპიტალი შეამსუბუქებს მათი მუშაობის რეჟიმს, რადგან ის შეძლებს, პაციენტების მიღებას როგორც სოხუმიდან, ასევე რაიონებიდან.
მედიკოსების და მოსახლეობის დახმარების სურვილი ადგილობრივმა მეწარმეებმა და სასტუმროების მფლობელებმა გამოთქვეს. მათ უფასოდ განათავსეს გუდაუთაში აფხაზი მედიკოსები დასახმარებლად ჩასული ბრიგადები.
გაგრის რაიონის ხელმძღვანელის ბაგრატ ბოჯგუას თქმით, გუდაუთაში ბიზნესის წარმომადგენლებმა მათ დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინეს.
"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ესენი არიან: გენა კვარაცხელია, რომელმაც უფასოდ გადმოგვცა თავისი სასტუმრო, ასევე ალიას სიჭინავას, რომლმაც 15 ნომერი დაგვითმო, ასევე წვიჟბა ბაგრატმა, ბადრი ხაგბამ, რომელმაც კოვიდ პანდემიის დაწყებისთანავე გადმოგვცა თავისი სასტუმრო ექიმების განსათავსებლად, ახლა კიდევ სხვა მეწარმეები დაგვემატა", - თქვა ბოჯგუამ,
ამ ეტაპზე, კოვიდ პაციენტების რაოდენობის მატებასთან ერთად, პრობლემად რჩება უმცროსი მედპერსონალის და მოხალისეები დეფიციტი. ჯანდაცვის სამინისტრო პერიოდულად მოუწოდებს მოხალისეებს და აფხაზეთის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მედიკოსებს, დახმარება გაუწიონ თანამემამულეებს კორონავირუსთან ბრძოლაში.
კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით, აფხაზეთში 15 ოქტომბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, დამატებითი შეზღუდვები მოქმედებს. ახალი რეგულაციების თანახმად, აფხაზეთში აკრძალულია მასობრივი, სპორტული, გასართობი, საგამოფენო ღონისძიებების ჩატარება. ასევე, აკრძალულია, თეატრების, ბიბლიოთეკების, კულტურული ცენტრების, კულტურის სახლების, საკონცერტო და საგამოფენო დარბაზების ფუნქციონირება.ასევე, არ იმუშავებენ სკოლამდელი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო. სავალდებულოა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება დაწესებულებებსა და სავაჭრო ობიექტებში. მოქალაქეებმა საზოგადობრივი თავშეყრის ადგილებში უნდა ატარონ პირბადეები, ხშირად დაიმუშავონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით და დაიცვან დისტანცია.
მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები