აფხაზეთში საწარმოების მუშაობა მთლიანად ელექტროენერგიაზე დამოკიდებული, ისევე, როგორც წყლის მიწოდება და გათბობა. ამას გასული წლიდან კრიპტოვალუტის მაინინგიც დაემატა. ენერგოსისტემის უკიდურესად გადატვირთვის გამო, ბოლო დროს გახშირდა ავარიები.
ბოლო პერიოდში ქსელში ელექტროენერგიის ძაბვა იმდენად დაბალია, რომ პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ და სახლებში გამოკეტილ მოსახლეობას, საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენება სტაბილიზატორების დახმარებითაც კი უჭირს.
ძველი ხაზები და ახალი მოთხოვნები "სარეცხის მანქანა რომ ჩამერთო, იძულებული ვიყავი, სტაბილიზატორი მეყიდა, თუმცა ისიც ითიშება. შემომავალი ძაბვა 90 ვოლტია, სტაბილიზატორიც კი ვერ შველის", - ამბობს სოხუმის მცხოვრები ელვირა კასპეროვიჩი.
"ის, რაც მაღაზიაში იყიდება, ტრანსფორმატორი, ძაბვის ამწევი, თუ 150-ზე მეტი არაა ძაბვა, ვერ ერევა, 110 - ს ვერაფრით ვერ აწევს", - უკმაყოფილოა სოხუმელი ალექსანდრ დანილევსკი.
სპეციალისტების აზრით, ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, დარგი კი მოსახლეობის გაზრდილ მოთხოვნას და ეკონომიკის განვითარებას ვერ ეწევა.
"ეკონომიკა, ასეა თუ ისე, იზრდება, ადამიანები ვითარდებიან, სასტუმროებს, სახლებს და ბევრ სხვა რამეს აშენებენ, დიდი დატვირთვებია, ხაზები და საყრდენები კი ძველი - ის, რაც 60-იანი 50-იანი წლებიდან შემორჩა", - განმარტავს "ჩერნომორენერგოს" ელექტრონული მოწყობილობების შეკეთების სამსახურის ინჟინერი რევაზ აბშილავა.
ის თვლის, რომ ენერგეტიკა უნდა უსწრებდეს მოსახლეობის გაზრდილ მოთხოვნებს და არა უკან მისდევდეს.
მთავრობაში აცხადებენ, რომ ენერგოსისტემის განახლებისთვის, სფეროში 4 მილიარდი რუბლი, დაახლოებით, 45 მილიონი ევრო უნდა დაიხარჯოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ არაერთხელ განაცხადა.
ამ თანხის მოძიება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ამდენად, ენერგეტიკოსებს, თავად უწევთ პრობლემის მოგვარების გზების პოვნა.
"მთელი აღჭურვილობაა გამოსაცვლელია, ის უკვე გაცვეთილია. ჩვენ ხან აქ მივაერთებთ, ხან იქ. სადღაც ახალსაც ვაყენებთ, ძველი კი რჩება და ამ ძველ მოწყობილობას ახალი გამოჰყავს მწყობრიდან", - ყვება "ჩერნომორენერგოს" ელექტრონული მოწყობილობების შეკეთების სამსახურის უფროსი ვიქტორ ვერშინინი.
რევაზ აბშილავას კი სოხუმის ქვესადგურში ცოტა ხნის წინ მომხდარი ავარია მოჰყავს ამის თვალსაჩინო მაგალითად, როდესაც ქალაქის დიდ ნაწილს რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა დენი. როგორც სპეციალისტი ამბობს, ამ შემთხვევაში გაუმართლათ, რადგან "ჩერნომორენერგოს" საწყობში მოიძიეს ზედმეტი დეტალები და ელექტრომოწყობილობის სწრაფად შეკეთება მოხერხდა.
"აი, ძიძარიაზე რომ ავარია იყო, შეკოწიწება მოგვიხდა, ახალი კი აჯობებდა... კიდევ კარგი ეს მოწყობილობა გვქონდა აქ, თორემ, წარმოგიდგენიათ, ნახევარი ქალაქზე მეტი ალბათ 3 თვე დარჩებოდა უშუქოდ, სანამ ახალ მოწყობილობას ჩამოვიტანდით, მერე სანამ აღვადგენდით ამ ყველაფერს, ამ შემთხევაში კი რვა დღე დაგვჭირდა", - ამბობს ენერგოკომპანიის თანამშრომელი.
ხშირ შემთხვევაში, საჭირო დეტალები მარაგში აღარ აქვთ ხოლმე. "ჩერნომორენერგო" ვერ ახერხებს საკუთარი სახსრებით მათ შეძენას, რადგან ენერგოკომპანიას თითქმის არ აქვს შემოსავალი. აბონენტების უმრავლესობა ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის.
"ფაქტობრივად, პენსიონერების იმედად ვართ, ისე გამოდის, რომ ისინი ყველაზე სტაბილური გადამხდელები არიან. აი, პენსიას აიღებენ თუ არა, აქეთ მოიჩქარიან", - ამბობს მოლარე ინგა ლეიბა.
მისი თქმით, ბევრი მოქალაქე ბოროტად სარგებლობს გამრიცხველიანების სისტემის არარსებობით და საკმაოდ დაბალი ტარიფის მიუხედავად, არ ჩქარობს გადახდას.
ენერგეტიკოსების ნაწილი თვლის, რომ სახელმწიფო ბოლომდე ვერ აცნობიერებს თუ რა პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ენერგეტიკის დარგი. ამას ისინი, ხშირ შემთხვევაში, შესაბამისი კომპეტენციის მქონე მოხელეების დეფიციტს მიაწერენ.
"მთავრობაში ტექნიკური საკითხებში გარკვეული ადამიანები ნაკლებადაა. ყველა შემთხვევაში, ლობისტი აუცილებლად უნდა იყოს მთავრობაში, ვინც კარგად ერკვევა ამ საკითხებში. როდესაც სერგეი ვასილიევიჩი იყო პრეზიდენტი, სწორედ მაშინ შევიძინეთ მთელი ეს ტექნიკა, მთელი აღჭურვილობა, ტრანსპორტიც. მისი წასვლის შემდეგ, ეს ყველაფერიც მიდის ნელ-ნელა", - სინანულით აღნიშნავს ვიქტორ ვერშინინი.
მიუხედავად ენერგეტიკის სფეროში არსებული პრობლემებისა, სპეციალისტები თვლიან, რომ სერიოზული ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში, დარგს პერსპექტივა აქვს. მათი თქმით, ასევე უნდა შეიცვალოს მოსახლეობის დამოკიდებულება, რომელმაც უნდა გააცნობიეროს, რომ ელექტროენერგიას უფასოდ ვერ მიიღებენ. რომ ის პროდუქტია, რომლის გამომუშავებისა და მოხმარებისთვის საფასურია გადასახდელი.
ახალი წელი - ახალი ტარიფითახალი წლიდან ელექტროენერგიის ტარიფი ძვირდება. ახალი ტარიფები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) 29 დეკემბერს დაამტკიცა. მანამდე, კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიამ", რომელიც თბილისსა და რეგიონებს ამარაგებს ელექტროენერგიით, მარეგულირებელ კომისიას ტარიფების გადახედვისკენ მოუწოდა. მათი განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიამ შესაძლოა ვერ განაგრძოს ოპერირება და ელექტრომომარაგების საკითხი რისკის ქვეშ დადგება.
"მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით. უკვე 10 თვეა, მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით, მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი", - თქვა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოსახლეობისთვის 1 კვტ.სთ-ის ღირებულება 3.5 თეთრით, ხოლო კომერციული სექტორისთვის, დაახლოებით, 11 თეთრით გაიზრდება.
მარეგულირებელი კომისიის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, საქართველოს პრემიერ - მინისტრმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, 2021 წელს, მთავრობა მას გაზრდილ ტარიფს დაუსუბსიდირებს.
"საქართველოში არის სულ 1.7 მილიონი აბონენტი, საიდანაც 1.6 მილიონი აბონენტი მოიხმარს 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ოჯახების 95%-ისთვის ელექტროენერგიაზე ნაზარდი ფასი სრულად იქნება სუბსიდირებული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის გაზრდილ და არსებულ ტარიფებს შორის სხვაობის 50 პროცენტს მთავრობა ყველა იმ კომპანიას დაუსუბსიდირებს, რომელიც საკვები პროდუქტების ადგილობრივი წარმოების პირველად დასაქმებაშია. პრემიერ - მინისტრის თქმით, ამის შედეგად, ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა საქართველოში წარმოებულ საკვები პროდუქტების საბოლოო ფასზე არ აისახება.
პურ - ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია "ლეკო" უკვე 23 წელია ოპერირებს ზუგდიდში. მისი დამფუძნებლის ლევან ბეჭვაიას თქმით, ტარიფის გაზრდა მათი პროდუქციის ფასებზე არ აისახება, რადგან ისინი მთავრობის მიერ ფქვილის სუბსიდირების პროგრამაში მოხვდნენ.
"სახელმწიფომ დაასუბსიდირა ფქვილი და ჩვენ ძველ ფასებს ვიხდით, ასე რომ, სავარაუდოდ, ჩვენი პროდუქცია არ გაძვირდება. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ყველა საცხობი არ არის დასუბსიდირებული, მგონი ზუგდიდში მხოლოდ ჩვენ ვართ. სახელმწიფომ ხელშეკრულება დადო საწარმოებთან მათ მიერ წარმოებული პროდუქციის და სხვა მაჩვენებლების შესაბამისად. არიან ისეთი საწარმოებიც, ვინც ვერ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნები, მათ უარი ეთქვათ სუბსიდირებაზე, და ისინი, ფაქტობრივად, საბაზო ფასებით ყიდულობენ ფქვილს, მათთვის ალბათ უფრო რთული იქნება ამ პირობებში მუშაობა", - განმარტა ლევან ბეჭვაიამ.
"ტორტების სალონის" დამფუძნებლის ზოია აკობიას თქმით, პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა საწარმო. ისინი ახლა სამჯერ ნაკლებ პროდუქციას აწარმოებენ, ვიდრე ეს პანდემიამდე იყო. საკონდიტროს მფლობელი იძულებული იყო თანამშრომლების ნაწილი დაეთხოვა. მეწარმე ამბობს, რომ საცხობის ძირითადი ხარჯები ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული, გამომდინარე აქედან, ტარიფების ზრდა უშუალოდ აისახება პროდუქციის ფასზე.
"თვითღირებულება გაიზრდება და რა თქმა უნდა, ჩვენ იძულებული ვიქნებით, პროდუქციის ფასიც გავზარდოთ. ჩვენ ახლა მხოლოდ გადარჩენაზე ვფიქრობთ და იმაზე, რომ როგორმე ფასები შევინარჩუნოთ, არ გვინდა, რომ მკვეთრად გავზარდოთ ფასები და მომხმარებლები დავკარგოთ. მე 1991 წლიდან ვმუშაობ და რთულია იმის წარმოდგენა, რომ ბიზნესის დახურვა მომიწევს", - ამბობს ზოია აკობია.
მან ჯერჯერობით არ იცის, მოხვდება თუ არა იმ კომპანიების კატეგორიაში, რომელსაც მთავრობა დაასუბსიდირებს.
ანალიტიკოსი შოთა გულბანი მიიჩნევს, იმ ფონზე, როდესაც პანდემიურმა დღის რეჟიმმა ისედაც გააუარესა მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი და ზოგადად სოციალური ვითარება, ტარიფების მატება, ისეთ მნიშვნელოვან მოხმარების პროდუქტზე, როგორიცაა ელექტროენერგია ნეგატიური ფაქტია. მისი თქმით, მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას ობიექტური საფუძვლები ჰქონდა, რადგან, თავად კომპანიების ფუნქციონირებაში უკვე საკითხი დადგა იმგვარად, რომ არა თუ სერვისის გაუმჯობესება, არამედ, ამ მომსახურებების მიწოდების შეწყვეტაც კი დადგა დღის წესრიგში.
"... 2017 წლის შემდეგ, ეს ტარიფები არ გადახედილა სემეკის მხრიდან, 2017 წლიდან დღემდე ბევრი ფაქტორი შეიცვალა, მათ შორის არის ის, რომ ლარის კურსი მნიშვნელოვნად დაეცა, როგორც ევროსთან ასევე, დოლართან მიმართებაში, რამაც პირდაპირ გაზარდა ენერგომიმწოდებელი კომპანიების ხარჯები. ამას დაემატა 2020 წელს პანდემიით გამოწვეული გლობალური კრიზისი, რამაც შეამცირა მოხმარების მაჩვენებელი და პირდაპირ შემცირდა კომპანიების შემოსავლები", - ამბობს ეკონომისტი.
მთავრობის გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ექსპერტი ამბობს, რომ დღეს მრავალი ქვეყანა მიმართავს მსგავს ზომებს და ბიუჯეტიდან გამოყოფენ რესურსებს, პანდემიის პირობებში მოსახლეობის სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული ტარიფები ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შედის. 6 თვის შემდეგ ტარიფები ისევ გადაიხედება.
მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები