სოხუმიკორონავირუსის პანდემიამ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა. თუკი შეზღუდვების დაწესებამდე, უპატრონო ძაღლები და კატები აგრარულ ბაზრებთან, კვების ობიექტებთან და ნაგვის ბუნკერებთან იკვებებოდნენ,
ახლა ისინი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდნენ. მათთვის გაუსაძლისი სიტუაციის შემსუბუქებას ცხოველთა მოყვარულები და სხვადასხვა ორგანიზაცია ცდილობს, თუმცა, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები ადგილობრივმა ხელისუფლებამაც გადადგა.
საქველმოქმედო ფონდ "იმედის" ერთ-ერთი დამფუძნებლის კარინა კოლპაკჩიანის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ცხოველთა დაცვის თვალსაზრისით, ბოლო დროს გაკეთდა, 2020 წლიდან მიუსაფარი ცხოველების დახოცვის აკრძალვა იყო. ადრე ამ მიზნებისთვის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონი რუბლი იხარჯებოდა.
როგორც ცხოველთა დამცველი ამბობს, ძაღლებს აკრძალული პრეპარატით აძინებდნენ, რაც მათ ტანჯვით სიკვდილს იწვევდა.
ახლა ამ თანხის ნაწილი საქველმოქმედო ფონდს გადაერიცხება, ნაწილი კი თავშესაფრის მშენებლობას მოხმარდება, რომელიც სოხუმის რაიონის სოფელ ძიგუთაში ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო. ძაღლების თავშესაფარი 600 კვ.მ-ზე განთავსდება. ამ ეტაპზე, დასრულებულია აღნიშნული ტერიტორიის გაწმენდა, გაყვანილია ელექტროენერგია და წყალი, ასევე ჩაყრილია ნაგებობის საძირკველი.
„მიუსაფარი ძაღლების ნაწილისთვის ეს დროებითი თავშესაფარი იქნება, სადაც მათ სტერილიზაცია-კასტრაცია ჩაუტარდება, ნაწილი კი უფრო დიდი ხნით დაიდებს იქ ბინას. თავშესაფრის მშენებლობა ნაწილობრივ ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდება“, - ამბობს ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ასტამურ აშუბა.
კარინა კოლპაკჩიანი ამბობს, რომ მათ თითქმის ყოველდღე მიმართავენ მოქალაქეები ძაღლის წაყვანის თხოვნით, ზოგიერთი კი, უარის შემთხვევაში, ძაღლის მოკვლითაც იმუქრება. ცხოველთა დამცველები ფიქრობენ, რომ თავშესაფრის გახსნასთან ერთად სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. მათ ქალაქის ადმინისტრაციის მხარდაჭერის იმედიც აქვთ.
„ჩვენ, როგორც მოხალისეები და ცხოველთა მოყვარულები ყოველთვის გვერდში დავუდგებით და დავეხმარებით, მორალურად, ფიზიკურად, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქალაქისთვის, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, იმისთვის, რომ ეს ჰუმანური პროცესი გაგრძელდეს და რამდენიმე წელიწადში ჩვენ აუცილებლად დავინახავთ ამ პროგრამის ეფექტიანობას“, - ამბობს ფონდის წარმომადგენელი.
ამ ეტაპზე, სოხუმელი მოხალისეები მიუსაფარი ცხოველების უკონტროლო გამრავლების დასარეგულირებლად ყოველთვიურად ატარებენ ცხოველების სტერილიზაციის აქციებს. გამომდინარე იქიდან, რომ თავშესაფარი ერთდროულად დიდი რაოდენობით ძაღლებს ვერ მიიღებს, ჯანმრთელ, აცრილ და სტერილიზებულ ცხოველებს, ყურზე საჭდით, ქალაქში, მათთვის ბუნებრივ არეალში დააბრუნებენ. მოხალისეები თვლიან, რომ ამ შემთხვევაში, ცხოველები უფრო ნაკლებ საფრთხეში იქნებიან, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ცხოველთა დაცვის შესახებ კანონი ამ დრომდე არ მიუღიათ.
„კანონპროექტი ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია... რა თქმა უნდა ის უნდა ითვალისწინებდეს ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას, ჯარიმას, იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, ვინც მათ ქუჩაში ტოვებს...”, - ამბობს კოლპაკჩიანი.
ქალაქის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ თავშესაფრის მშენებლობას, მხოლოდ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ვერ დაასრულებენ, თუმცა, მოქალაქეებს შორის უკვე გამოჩნდნენ აქტივისტები, რომლებიც მათ სამშენებლო თუ სხვა აუცილებელ მასალას აწვდიან და ამ სახით უწევენ დახმარებას.
ასტამურ აშუბას იმედი აქვს, რომ ქველმოქმედების გაწევის მსურველი ადამიანები მათ კვლავაც გამოეხმაურებიან.
ზუგდიდიპანდემიის პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ზუგდიდის ქუჩებში მოსიარულე მშიერი ძაღლების ჯგუფები. ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის გადაჭრას ცდილობს, ცხოველთა მოყვარულები და არასამთავრობო ორგანიზაციები მიუსაფარი ცხოველების გადარჩენისთვის იბრძვიან. ზუგდიდში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქში, პანდემიის დროს გააქტიურდნენ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც სოციალური ქსელების საშუალებით აზიარებენ ინფორმაციას საზოგადოებაში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით.
ფოტოზე: ნონა ნაჭყებია
ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის აქტიური წევრი, ზუგდიდელი ნონა ნაჭყებია ამბობს, რომ მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ახალი არ არის და წლებია მოუგვარებელია, თუმცა პანდემიის დროს ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა.
„ ... ალბათ, ეს პირველ რიგში, ადამიანების ცნობიერების ბრალია და შემდეგ ეკონომიურმა მდგომარეობამ გამოიწვია. პანდემიის შემდეგ საგრძნობლად იმატა, გარდა ამისა, მომრავლდა კანის პრობლემებით დაავადებულმა ცხოველებმა. ამის გამოც ტოვებდნენ გარეთ და ეს ყველაზე შესამჩნევია ალბათ. კვების ობიექტებიც დაკეტილია, თავისთავად, ვერ შოულობენ ცხოველები ლუკმას და მოსახლეობაშიც დადიან. ვიცი, რომ ზოგიერთს აწუხებს, მაგრამ, ამ დროს, პირიქით, უნდა შეგვეცოდოს ცხოველები და რაღაც ლუკმა მათთვისაც გავიღოთ“, - ამბობს ცხოველთა მოყვარული.
ფოტოზე: მარიამ შეყილაძეზუგდიდელი მარიამ შეყილაძის მიერ სოციალურ ქსელში დაარსებულ ჯგუფში ადგილობრივი ცხოველთა მოყვარულები არიან გაერთიანებული. საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების დახმარებით, მათ ბოლო თვეების განმავლობაში, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დროს, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ასეული ცხოველის შიმშილისგან გადარჩენა შეძლეს.
"პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანი იყო მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში მოხალისეებს მიუსაფარი ცხოველების გამოკვება შეძლებოდათ. რაც შეეხება კონკრეტულად ზუგდიდს, საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ 20 მარტიდან ჩაუშვა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა საკვები რესურსებისა და მოხალისეების მობილიზებას, ლოკაციების იდენტიფიკაციას, სადაც განსაკუთრებით უჭირდათ მიუსაფრებს და სჭირდებოდათ საკვების მიწოდება", - გვითხრა მარიამმა.
ფოტოზე: მარიკა მელიამოხალისეების განმარტებით, ბოლო პერიოდში მიუსაფარი ძაღლების პოპულაციის შესამჩნევი ზრდა, ნაწილობრივ, მეპატრონეების გულგრილობის, ნაწილობრივ კი უკონტროლო გამრავლების შედეგია. აქედან გამომდინარე, ისინი შეძლებისდაგვარად, ამ პრობლემების მოგვარებასაც ცდილობენ.
„... მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული მიუსაფარი ძაღლების რაოდენობის შემცირებით, ვცდილობთ მოვიძიოთ მათთვის მოსიყვარულე ოჯახები, ვუტარებთ ცხოველებს კომპლექსურ ვაქცინაციას, ვამუშავებთ პარაზიტებსა და ჭიებზე, ასევე ვცრით ცოფის საწინააღმდეგოდ“, - ამბობს მარიკა მელია, რომელმაც ქალიშვილთან და მოხალისე ქალების ჯგუფთან ერთად, პანდემიის დროს, დაახლოებით 25-30 მიუსაფარი ძაღლის გაჩუქება და დაბინავება შეძლო.
ფოტოზე: ქეთი ავალიანიოთხფეხა მეგობრების კიდევ ერთმა გულშემატკივარმა და ქველმოქმედმა გეგი გეგეჭკორმა გადაწყვიტა, რომ ზუგდიდში მიუსაფარი ძაღლებისთვის რამდენიმე ათეული სახლი დადგას. მათ ეტაპობრივად "ზაქარას კეთილი მანქანა" დაამზადებს. სახლებს მოხალისეები ქალაქის სხვადასხვა უბანში განათავსებენ.
ზუგდიდში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის საკითხი წლებია მოუგვარებელი რჩება. მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, რომ სოფელ ჭითაწყარში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის დაწყება არც წელს იგეგმება. ამჯერად, მიზეზად პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა სახელდება.
ფოტოზე: მარიკა მელია და ქეთი ავალიანითავშესაფრის პროექტირებაზე, რომელიც შპს "კოლოსმა" მოამზადა, 155 000 ლარი დაიხარჯა. მისი მოწყობა ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში იგეგმებოდა. მანამდე კი მუნიციპალიტეტი მიუსაფარი ძაღლების პრობლემას ასე აგვარებს: მათი ნაწილი დროებით ოზურგეთის თავშესაფარში გადაჰყავთ, სადაც ცხოველებს შესაბამის მომსახურებასთან ერთად, კასტრაცია-სტერილიზაცია უტარდება.
უწყებაში ჯერჯერობით არ იციან თუ როდის დაიწყება ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა.
მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები